14 ნოემბერი 2024,   11:41
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის ერთობლივი სარჩელების განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის ერთობლივი სარჩელების განხილვა მიმდინარეობს. საია, "ძლიერი საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმებისა და შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ. მიზეზად დასახელებულია ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევა. საქმეში მოპასუხე ცენტრალური საარჩევნო კომისიაა.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ ცესკოსგან დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენას ითხოვენ. 

"ვითხოვთ, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მოწმეების სახით დაკითხვას. 56-ზე მეტი მოწმე გვინდა დაიკითხოს. ასევე, აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, ექსპერტების და სპეციალისტების დაკითხვას, იმიტომ რომ ის აუდიტის სამივე დასკვნა არის ძალიან ბუნდოვანი. ჩვენ ვითხოვთ, ცესკოსგან დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენას. მაგრამ, ჩვენ უკვე ვხედავთ ერთ რამეს, რომ სასამართლომ მიღო განჩინება და ცესკოს არანაირი დოკუმენტის წარმოდგენა არ დაავალა. ეს იმას ნიშნავს, რომ არავითარი იმედი ამ სასამართლოში სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების, ჩვენ არ გვაქვს," - აცხადებს თამარ კორძაია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ნინო ხუციშვილი ამბობს, რომ საიას საქმის ცალკე განხილვის შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. 

"ჩვენი შუამდგომლობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი მოსაზრებით, საიას სარჩელი ეფუძნება ფარულობის დარღვევას, რაც განსხვავებული საფუძველია სხვა პოლიტიკური პარტიების სარჩელებიდან გამომდინარე. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ დროის ეფექტურობიდან და თვითონ შინაარსობრივი მხარიდან გამომდინარე, უფრო სწორი და სამართლებრივად გამართული იქნება, რომ საიას დამოუკიდებლად იქნას განხილული სხვა პოლიტიკური ერთეულების სარჩელებისგან გამიჯნულად,“ - აცხადებს ნინო ხუციშვილი.

 

დღის ამბები