საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ხვალ, 15 ნოემბერს, UEFA-ს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი-ოფის პირველ მატჩს მიხეილ მესხის სტადიონზე, ხორვატიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები კი მატჩამდე გულშემატკივრებს თამაშზე დასწრებისკენ მოუწოდებენ. ნაკრების ოფიციალურ სოციალურ ქსელებში ფეხბურთელების მიმართვები ვრცელდება, მათ შორის არიან: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და ალექსანდრე კალანდაძე.
"შარშანდელი ზაფხული და ევროპის ჩემპიონატი ყველას გვახსოვს, წელსაც გვინდა რომ იგივე გავიმეოროთ.
ხვალ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ეთამაშება ხორვატიას, მოგიწოდებთ, რომ მოხვიდეთ სტადიონზე და უგულშემატკივროთ ბიჭებს. აბა თქვენ იცით ბიჭებო, წარმატებები ძმებო," - მიმართავენ ქომაგებს ნაკრების ფეხბურთელები.