საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრის, სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და მათი დაძლევის შესაძლო გზების განხილვის მიზნით, დაინტერესებულ ჯგუფებთან შეხვედრები გრძელდება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, მორიგი შეხვედრა, ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო ორგანიზაციებთან გამართეს. ირინე წაქაძემ და გიორგი პატარიძემ, პროვაიდერებს, ბენეფიციარებისთვის სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით, სამინისტროს გეგმები გააცნეს. იმსჯელეს, დღეს არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ სამინისტრო, სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ბიუჯეტის გადახედვაზე მუშაობს და ამ მიმართულებით, სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. ხაზი გაესვა ბენეფიციართა უსაფრთხოების საკითხს.
შეხვედრაზე, აღინიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი, ხანდაზმულთა და შშმ პირთა უფლებების დაცვა და მათთვის ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობების უზრუნველყოფაა, აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს, ისე სექტორში მომუშავე კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს შეხვედრების ციკლი სხვადასხვა სამედიცინო და სოციალური მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებთან, ბენეფიციარებთან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან.