აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს. ადგილზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ამ ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. აქტივისტები ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის ურნების გამოყენებით ბარიკადების აგებას ცდილობენ.
კერძოდ, აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები.
ამასთან, სპეცდანიშნულების რაზმი და სპეცტექნიკა "რესპუბლიკის მოედანზეა" მობილიზებული. ისინი ჯერჯერობით ადგილიდან არ იძვრიან.
ცნობისთვის, სპეცრაზმმა რუსთველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაშლისკენ, დაახლოებით, დილის 07:00 საათისთვის მოუწოდა და აქციის დაშლის პროცედურა დაიწყო.
აქციის დაშლის დაწყებამდე, სამართალდამცველებმა აქტივისტები წინასწარ გააფრთხილეს. აქციის დასაშლელად სპეცრაზმი წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და სხვადასხვა სპეციალურ ტექნიკას იყენებს.
თავის მხრივ, აქციის მონაწილეები სპეცრაზმელების მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისვრიან. ისმის შეძახილებიც.
დაშლის პროცესის დაწყებამდე, რუსთველის გამზირზე რამდენიმე საათის განმავლობაში შედარებით სიმშვიდე იყო.