26 დეკემბერი 2024,   14:05
ვრცლად
პროტესტის მეცხრე ღამე და ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული 48 ადამიანი - როგორია დაკავებულების პოზიცია

ხმაურისა და დაკავებების გარეშე, საპროტესტო აქციას არც გასულ ღამეს ჩაუვლია. რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პოლიციამ ჯამში 48 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ აქციის დასაშლელად სპეციალური საშუალებების გამოყენება და დემონსტრანტების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველების მიმართ გამოყენებული იქნა პიროტექნიკა, ქვები და სხვადასხვა მძიმე საგნები.

აქცია იყო მშვიდობიანი და მისი დაშლის საფუძველი არ არსებობდა - ასეთია თავად პროტესტის მონაწილეების და დაკავებულების პოზიცია. გასულ ღამეს დაპატიმრებული პირები წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაანაწილეს. დღეს ისინი ადვოკატებმა პირადად მოინახულეს. დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს.

რუსთაველზე დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელი ცოტნე კობერიძე. ამჟამად, წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი "მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშიაც. ადვოკატები მის დაკავებას პროფესიულ საქმიანობას უკავშირებენ.

გასულ ღამეს ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულები თბილისის და გურჯაანის წინასწარი დაკავების იზოლატორებში სახალხო დამცველმაც მოინახულა. ომბუდსმენი დაკავებულთა ნაწილის უფლებების დარღვევაზე საუბრობს და შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, რომ საპოლიციო ძალებმა დაკავებები და სპეცტექნიკის გამოყენება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც პროტესტი მშვიდობიანი აქციის ფარგლებს გასცდა და ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

გასულ ღამეს, დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. სამართალდარღვევა ჯარიმას, ან 2-დან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულების მიმართ ძალის შესაძლო გადამეტებისა და ფიზიკური დაზიანების ფაქტებს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწავლობს.

დღის ამბები