ევროპის ბიბლიოთეკებიდან მოპარული ძვირადღირებული წიგნების რუსეთში გატანის მცდელობა აღკვეთილია. საზღვარზე გადატანის დროს სამართალდამცავებმა გააჩერეს მოქალაქე, რომელსაც თან პრაღის ბიბლიოთეკიდან მოპარული ალექსანდრ პუშკინის 1827 წლით დათარიღებული უნიკალური გამოცემა აღმოაჩნდა. წიგნის ღირებულება, მინიმუმ, 80 ათასი დოლარია.
"ბაღჩისარაის შადრევანი" ქართველმა სამართალდამცველებმა ქვეყნიდან გატანის დროს ამოიღეს. უნიკალური გამოცემა სავარაუდოდ, შავ ბაზარზე რეალიზაციის მიზნით, რუსეთში გაჰქონდათ. დადგინდა, რომ წიგნი პრაღის ეროვნული ბიბლიოთეკიდან იმ დაჯგუფებამ მოიპარა, რომელმაც ასევე გაძარცვა უნიკალური წიგნსაცავები შვეიცარიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ესტონეთში, ბელგიაში, ლიეტუვასა და ლატვიაში.
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა და დღეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა დაჯგუფების ლიდერს, ბექა ცირეკიძეს, რომელიც მსგავსი დანაშაულისთვის სასჯელს ამჟამად ესტონეთშიც იხდის. ბექა ცირეკიძესთან ერთად ბიბლიოთეკების ძარცვის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული მისი ორი შვილი - მათე და ქრისტინა ცირეკიძეები.
ცირეკიძეების ოჯახი დანაშაულს უარყოფს. საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი კი მათ წინააღმდეგ ჩვენებას გამოძიებას აძლევს. იანა მურადიანმა დაკითხვის დროს დანაშაული აღიარა. საუბარია ვარშავის ბიბლიოთეკიდან რარიტეტული წიგნების ქურდობაზე. მურადიანი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა ბრალდებულმა "კურიერის" კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
რა სქემით ქრებოდა ევროპის ბიბლიოთეკებიდან მე-19 საუკუნის კლასიკოსების ნაწარმოებები? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არც ბრალდებულების ადვოკატებმა ისურვეს. პროკურორი კი ამბობს, რომ, ბექა ცირეკიძის ხელმძღვანელობით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა ევროპის არაერთი ქვეყნის ბიბლიოთეკას ასი ათასობით დოლარის ზარალი მიაყენა.
წიგნების ქურდობის ბრალდებით, ცირეკიძეებთან ერთად, წინასწარ პატიმრობაშია მათი ოჯახის კიდევ ერთი ახლობელი - ბესიკ ახალაშვილი. არცერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს. საქმეში კი დევს ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც ბრალდებულების გადაადგილებას ასახავს. კადრებში ჩანს, თუ როგორ შედიან ვარშავისა და ლიონის ბიბლიოთეკებში დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები, სადაც მე-19 საუკუნის წიგნის ორიგინალს ყალბი ასლებით ანაცვლებდნენ. სასამართლოში ცირეკიძეების საქმის არსებითი განხილვა თებერვალში დაიწყება, მანამდე კი, არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე კიდევ გაიზარდოს.