12 დეკემბერი 2024,   23:34
ვრცლად
ოპოზიცია წინასწარ ამბობს, რომ მომდევნო პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებს და ქვეყნის მთავარსარდლად კვლავ სალომე ზურაბიშვილს ჩათვლის - მოთხოვნები უცვლელი რჩება

პროტესტიდან მე-14 დღეს, ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელი რჩება. გეგმის ნაწილია პროტესტის გაგრძელებაც. უკვე დაანონსდა დემონსტრაცია შაბათსაც,14 დეკემბერს, მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ. ოპოზიცია წინასწარ ამბობს, რომ მომდევნო პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებს და ქვეყნის მთავარსარდლად კვლავ სალომე ზურაბიშვილს ჩათვლის. სწორედ სალომე ზურაბიშვილია ერთადერთი, ვის ლეგიტიმაციასაც ხელისუფლების ოპონენტები აღიარებენ.

საერთო განცხადება ბარიერგადალახულმა ოპოზიციამ ერთობლივად, "ექსპოჯორჯიაში" გააკეთა, თუმცა, ღონისძიებაში მონაწილეობა გიორგი გახარიას გუნდს არ მიუღია. პარტიამ მხოლოდ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ "გახარია საქართველოსთვის" იმ მოსაზრებებსა და ხედვებს იზიარებს, რომელიც მათ კოლეგა ოპოზიციონერებს აქვთ. პარტიაში, ღონისძიებაზე არყოფნის მიზეზად მხოლოდ შეხვედრის ფორმატი დაასახელეს.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციას გეგმა არ აქვს და მათმა დღევანდელმა განცხადებამ სწორედ ეს დაადასტურა. სახელისუფლებო გუნდში დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ მათ ოპონენტებს ქვეყანაში მხოლოდ არეულობის მოწყობა სურთ.

"ექსპოჯორჯიადან", ბარიერგადალახულმა ოპოზიციამ ორბელიანის სასახლეში სალომე ზურაბიშვილთან გადაინაცვლა. ამ შემთხვევაში, შეხვედრაში მონაწილეობა გიორგი გახარიამაც მიიღო. ხელისუფლების ოპონენტებმა ქვეყნის პრეზიდენტს საკუთარი მხარდაჭერა პირადადაც დაუდასტურეს.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის მცდელობები შედეგს ვერ გამოიღებს და 29 დეკემბრიდან საქართველოს ახალი პრეზიდენტი ეყოლება. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ მათი ოპონენტები არა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ უცხოური ძალების დავალებით მოქმედებენ.

აქციის მონაწილეები შეკრების დაწყებას შაბათს. დილიდან გეგმავენ, უკვე დაანონსებულია პროტესტი ინაუგურაციის დღესაც.

დღის ამბები