ოკუპანტი მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას განაგრძობს. რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებს ყოველდღიურად ბომბავს. ზაპოროჟიეს საავადმყოფოზე სარაკეტო იერიშის შემდეგ, სამძებრო ოპერაცია თითქმის ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მაშველებს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები გამოჰყავდათ. ოკუპანტის სარაკეტო იერიშს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მძიმეა 22 დაჭრილის მდგომარეობა. დაშავებულებს შორის არის 5 წლის ბავშვი.
უკრაინის პრეზიდენტი მოკავშირეებს ისევ დახმარებას სთხოვს. ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინის საკითხზე ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რაც გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს. კიევი ევროპის ქვეყნებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემასაც ელოდება.
უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ საუბრობს ამერიკის არჩეული პრეზიდენტი. ჟურნალი "თაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ომში ყველაზე სახიფათო ვითარება მას შემდეგ შეიქმნა, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სავარაუდოდ, ჯო ბაიდენისგან მიღებული თანხმობის შემდეგ გადაწყვიტა, რუსეთის შიდა ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით დარტყმები განახორციელოს. ტრამპი იმეორებს, რომ, თავისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა.
უკრაინის საკითხზე ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს ხვდება პოლონეთის პრემიერი. დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ უკრაინაში ომთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები, შესაძლოა, მომავალი წლის ზამთარში დაიწყოს და პოლონეთი პროცესში აქტიური როლის შესრულებას აპირებს. პოლონეთის პრემიერი ასევე აცხადებს, რომ მოცემულ მომენტში, უკრაინაში სამხედროების გაგზავნის გეგმა არ არსებობს. განცხადებას აკეთებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი. მარკ რუტე ამბობს, რომ მოლაპარაკებებში, ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტის არყოფნა სარისკოა.
სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობას არ გამორიცხავს ოფიციალური მოსკოვი, თუმცა ოკუპანტი სახელმწიფო უკრაინასთან დათმობებზე წასვლას არ აპირებს და დიალოგის არარსებობაში კიევს ადანაშაულებს. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც პუტინი ყველა დასახულ მიზანს მიაღწევს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე