ვერაფრით დავამშვიდებ მათ, ვინც ჩემი შეხვედრებით ღელავს. მოუწევთ იმის ყურება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი იმუშავებს, ყველაფერს გააკეთებს, რათა სახელმწიფოს ინტერესები დაიცვას. ეს არის ჩემი პირველი საქმე – კომუნიკაცია და კონტაქტი პარტნიორებთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს საგარეო უწყება ვერ გაიზიარებს იმ ადამიანების დღის წესრიგს, რომელთაც სურთ, საქართველო არ იყოს სახელმწიფო, საქართველოს არ ჰქონდეს ინსტიტუტები.
"აღშფოთდნენ, რა გავაკეთოთ? ჩვენ ვერ გავაჩერებთ მუშაობას და ნამდვილად ვერ დავდგებით მათ დღის წესრიგში. მათი დღის წესრიგი არის, რომ საქართველო არ იყოს სახელმწიფო, საქართველოს არ უნდა ჰქონდეს ინსტიტუტები და არ უნდა დაიცვას საკუთარი ინტერესები, საქართველომ უნდა იაროს სხვის ჭკუაზე და აკეთოს ის, რაც სხვას უნდა. სამწუხაროდ, მათ დღის წესრიგს ვერ გავიზიარებ და მოუწევთ, სხვა დღის წესრიგს უყურონ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის გამო ელჩის მიმართ კრიტიკას გამოეხმაურა. ბოჭორიშვილის შეფასებით, წარმოუდგენელია, რომ ელჩმა „კრიტიკა მიიღო არა მარტო ოპოზიციის, არამედ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან“.
"წარმოუდგენელ დღეში ჩააგდეს ეს ადამიანი, რომელიც მოვიდა სამინისტროში. მისი ვალია, ჰქონდეს ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მოვიდა შეხვედრაზე და ჩვენ საუბარი გვქონდა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე. კარგ მდგომარეობაშია თუ ცუდ მდგომარეობაშია ეს ურთიერთობები, ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ეს არის მისი ვალიც და ჩემი ვალიც. წარმოუდგენელია, რომ მან ასეთი კრიტიკა მიიღო არა მარტო ოპოზიციის, არამედ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდანაც, რომლებიც სოციალურ ქსელებში საოცრად აკრიტიკებდნენ. ყველას მოუწევს, რაღაცნაირად უყუროს იმას, რომ საქართველო ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას და საქართველოს ექნება ურთიერთობები პარტნიორებთან. იქნება ეს ელჩის სახით წარმოდგენილი, საგარეო საქმეთა მინისტრებით, თუ სხვა ოფიციალური პირებით. ეს დიალოგი ჩვენ გვჭირდება, მათაც სჭირდებათ და რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს საქმეს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.