რუსი სამხედროების იერიშის სამიზნე უკრაინაში, გვიან ღამით, მიკოლაივი იყო. შეტევის შედეგად 2 ადამიანია დაშავებული. აფეთქებების ხმა ისმოდა სუმის ოლქშიც.
ამ ფონზე, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი შეცდომად მიიჩნევს მათი მხრიდან უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდებას და ასევე რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშების მიტანას.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით გერმანია უკრაინის მეორე უმსხვილესი სამხედრო მხარდამჭერი გახდა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩრდილოკორეელ ჯარისკაცებს იყენებენ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პუტინს არ სურს მშვიდობა და ცდილობს აზიასა და მთელ მსოფლიოში პრობლემები შექმნას.
"უკვე არსებობს წინასწარი მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსებმა დაიწყეს შტურმებში ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების გამოყენება შესამჩნევი რაოდენობით. ფაქტობრივად, მოსკოვმა ამ ომში კიდევ ერთი სახელმწიფო ჩაითრია, თანაც მაქსიმალურად ჩაითრია. და თუ ეს არ არის ესკალაცია, მაშინ რა არის ესკალაცია, რომელზეც ბევრი საუბრობდა? ჩვენ დავიცავთ თავს, მათ შორის ჩრდილოკორეელებისგანაც. ჩვენ განვაგრძობთ კოორდინირებულ მოქმედებას ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად, რომ ეს ომი შევაჩეროთ – შევაჩეროთ საიმედოდ, გარანტირებული მშვიდობით", – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.