12 აგვისტო 2026,   14:14
ვრცლად
რუსეთთან თანამშრომლობიდან ანტირუსულ რიტორიკამდე - მმართველი გუნდი "ნაციონალურ მოძრაობას" ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს

დაუკვეთეს და შეასრულეს, როგორც 2008-ში, ასევე 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც რადიკალურ ანტირუსულ პოზიციაზე გადავიდნენ - "ნაციონალური მოძრაობის" ომის შემდგომ პოლიტიკაზე პრემიერ-მინისტრმა ვრცელ ანალიზშიც ისაუბრა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერი ხელოვანები უცხო ძალის დავალებით მოქმედებდნენ, როდესაც მათ სამშობლოში ჩამოყრილი რუსული ბომბების შემდეგ ოკუპანტი მეგობარი გახდა, სხვა სახელმწიფოში შეჭრის დროს კი მტერი. ამაზე, მისი თქმით, მეტყველებს მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის დუმილიც, რომელსაც არაფერი აქვს სათქმელი ხალხთან, ვინც თავისი ქმედებით გაწირა.

გარედან ნაკარნახევი ორივე ქმედება ორმაგი სტანდარტია საქართველოს პრეზიდენტისთვის. მიხეილ ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის პერსონასთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უკვე შეთანხმებულია. მისივე შეფასებით, 2008 წლის ომი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, 120-ზე მეტი სოფლის საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენა, საკუთარ სამშობლოში 30 000 იძულებით გადაადგილებული პირი, ასობით დაღუპული და ათასობით დაჭრილი ქართველი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ სააკაშვილს რუსეთთან პარტნიორობაზე უარი ეთქვა.

მიხეილ სააკაშვილი უკვე ერთი კვირაა არ პასუხობს საზოგადოების კითხვებს, რატომ ხვდებოდა აგვისტოს ომის შემდეგ რუს ტურისტებს საქართველოს საზღვარზე, რატომ დადიოდნენ მისი მხარდამჭერები რუსეთში კონცერტების ჩასატარებლად 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, რატომ გადასცა სტრატეგიული ენერგოობიექტები რუსულ სახელმწიფო კომპანიებს და რატომ საუბრობდა მათთან მჭიდრო თანამშრომლობაზე. ეს კითხვები, ხელისუფლების შეფასებით, კვლავ პასუხგაუცემელი რჩება.

ვიცე-პრემიერის თქმით, მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი ვერ შეძლებს გაამართლოს ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი ქმედებები.

ოპოზიცია არც ახლა აკრიტიკებს ომის შემდგომ ხელოვანების ტურნეებსა თუ სააკაშვილის სადღეგრძელოებს ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან. უფრო მეტიც, "ლელოში" ამბობენ, რომ აგვისტოს ომიდან 18 წლის შემდეგ ეს საკითხი მათთვის ნაკლებად საინტერესოა.

ოკუპანტის მიმართ სააკაშვილის პოლიტიკა ისეთივე მიუღებელია სახელისუფლებო გუნდისთვის, როგორც კულტურის სფეროს იმ წარმომადგენლების საქმიანობა, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში კონცერტებს მართავდნენ.
"ქართული ოცნების" შეფასებით, ანტისახელმწიფოებრივია ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც 2022 წლამდე რუსეთში საქმიანობდნენ, მკვეთრად ანტირუსულ პოზიციაზე მხოლოდ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გადავიდნენ.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკასა და შეცვლილ მიდგომებზე მთავრობის მეთაურის შემდეგ ვრცელი წერილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმაც გამოაქვეყნა. მან კონკრეტული მაგალითებით ისაუბრა კულტურის სფეროს იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში კონცერტებს მართავდნენ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი რუსეთში საქმიანობაზე უარი თქვეს.

დღის ამბები