ღამით უკრაინის არაერთ ოლქში, დრონებით შეტევის საფრთხის გამო, საჰაერო განგაში იყო. გავრცელდა ინფორმაცია კიევში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებაც. რუსულმა ძალებმა დაბომბეს დონეცკის ოლქი. დაშავდა 4 ადამიანი.
იერიში იყო სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. კვლავ მძიმე ბრძოლებია პოკროვსკის ოლქში. უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსულმა ძალებმა აქ 1 სოფელი დაიკავეს და 9 დასახლების სიახლოვეს დაწინაურდნენ.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გამოეხმაურა რუსი გენერლის ლიკვიდაციას. დიმიტრი მედვედევის განცხადებით, იგორ კირილოვის მკვლელობის გამო, უკრაინის ხელმძღვანელობა გარდაუვალი შურისძიების წინაშე აღმოჩნდება. დასავლური მედიის ინფორმაციით, რუსი გენერლის აფეთქება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია იყო. წყაროს ცნობით, დანაღმული სკუტერი იმ დროს აფეთქდა, როცა რუსი გენერალი, თანაშემწესთან ერთად, მოსკოვის რიაზანის გამზირზე მდებარე სახლის სადარბაზოში შედიოდა. ამავე წყაროს თანახმად, კირილოვი, როგორც სამხედრო დამნაშავე, კანონიერი სამიზნე იყო, რადგან უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანებებს გასცემდა.
გენერლის ლიკვიდაციასთან კავშირი უარყო პენტაგონმა. ამერიკის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ მათ უკრაინის განზრახვების შესახებ რუსი გენერლის ლიკვიდაციაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. უწყების სპიკერი განმარტავს, რომ შტატები მსგავს ქმედებებს მხარს არ უჭერს.
უკრაინის ქალაქ ლვოვში შედგა პოლონეთის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა. დონალდ ტუსკის თქმით, პოლონეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რეალური გახდეს.
საუბარი შეეხებოდა, ასევე, უკრაინაში უცხოური სამშვიდობო ჯარების განლაგების შესაძლებლობას, რომელზეც ბრიუსელში, ევროპელმა ლიდერებმა დღეს უნდა იმსჯელონ.