რამდენიმე საათში ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის და პრეზიდენტის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ოპოზიციის განცხადებით, დღის წესრიგშია ორი მთავარი საკითხი, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და როგორი იქნება სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმა 29 დეკემბრის მერე.
თუმცა ისინი ამბობენ, რომ გარკვეულ საკითხებზე პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. კონსულტაციების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას დღის ბოლოს გამოაცხადებს.
"არის, ბუნებრივია, განსხვავებული აზრები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, თუ რას ნიშნავს ახალი არჩევნები, რას ნიშნავს სიახლის კომპონენტი, რა უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ მართლაც ახალი და განსხვავებული არჩევნები ჩატარდეს, ამაზე არსებობს ძალიან ბევრი შეხედულება ოპოზიციურ საზოგადოებას შორის. ამ ყველაფერს სჭირდება ერთობლივი ძალისხმევით დამუშავება.
საბჭოს შერჩევის პრინციპზე უნდა ისაუბროს პრეზიდენტმა და უკვე მას მერე, როდესაც იქნება ჩამოყალიბებული იდეა, ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ ამაზე. ამ ეტაპზე ამ დეტალებზე საუბარი არ არის გონივრული", - აცხადებს "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" გრიგოლ გეგელია.