რამდენიმე საათში ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის და პრეზიდენტის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება - კონსულტაციების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტილებას დღის ბოლოს გამოაცხადებს.
შეფასება კეთდება მმართველ გუნდშიც, სადაც აცხადებენ, რომ შიდა დაპირისპირების მიუხედავად, მათი ოპონენტები წინასწარ გაწერილ სცენარს მიყვებიან, რომლის მიზანი დესტაბილიზაციაა, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სალომე ზურაბიშვილის ემოციურ ფონზე საუბრობს. ლევან მაჭავარიანი იმასაც აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ 29 დეკემბრიდან ის საქართველოს პრეზიდენტი აღარ იქნება.
"ვინ მისცა მათ რაიმე ტიპის ლეგიტიმაცია, რომ ზოგადად განიხილავენ ასეთ თემებს, ეს არის ჩვეულებრივად საბავშვო ბაღი, რაღაც სახლობანას თუ შტაბობანას თამაშს ჰგავს.
ის, რომ ვიღაცამ ახალი არჩევნები გადაწყვიტოს და იქ რაღაცები იმსჯელონ - აბსოლუტური სისულელეა. ქალბატონი ზურაბიშვილის ემოციური ფონი ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, შევდივართ მის მდგომარეობაში, ქალბატონია, ასაკშია. რამდენი ხანი უნდა იცხოვროს ამ ქალბატონმა ამ პარალელურ სამყაროში, რომ გვიცხადებს პირდაპირ, რომ მაინც მე ვიქნები საქართველოს პრეზიდენტიო, ორი პრეზიდენტი წარმოუდგენია რომ ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას და იმ თარიღსაც არ ასახელებს როდემდე იქნება, სანამ ცოცხალი ვიქნები უნდა ვიყო საქართველოს პრეზიდენტიო.
ვიღაცამ უნდა უთხრას, რომ გვესმის თქვენი ფონი ემოციური, მაგრამ უნდა შეეგუოთ, რომ 29-ში თქვენ აღარ იქნებით პრეზიდენტი", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.