"ამნესთი ინთერნეიშენალისა" და "ჰუმან რაით ვოჩის" ანგარიშები ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა შეაფასეს. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ "ამნესთი ინთერნეიშენალი" ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუციაა და მის მიერ გაკეთებულ დასკვნებთან დაკავშირებით კითხვები არ უჩნდება.
"ჩემსა და მთელი მსოფლიოს აღქმაში "ამნესთი ინთერნეიშენალი" არის ერთ-ერთი წამყვანი ინსტიტუტიცაა, რომელსაც აქვს ძალიან დიდი წონა და საკუთარი სტანდარტები შეფასებების გაკეთების დროს. ასე რომ, არავითარი კითხვები ამ მიმართულებით მე არ მიჩნდება," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, წამებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი და ეს ფაქტია იმის მიუხედავად, თუ რას წერს "ამნესთი ინთერნეიშენალი".
"წამებას იმიტომ კი არ ჰქონდა ადგილი, რომ "ამნესთი ინთერნეიშენალმა" თქვა, არამედ ეს არის ფაქტი. "ამნესთი ინთერნეიშენალი" რომ რაღაცას ამბობს ან არ ამბობს, მაგით არ განისაზღვრება რეალობა," - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
შეგახსენებთ, რომ "ამნესთი ინთერნეიშენალისა" და "ჰუმან რაით ვოჩის" ანგარიშებში ნათქვამია, რომ საქართველოში აქციებზე ადგილი ჰქონდა ძალადობას და ღია რეპრესიებს რაც, მათივე შეფასებით, წამებას უტოლდება.