"მათი განცხადებები ლობისტური ჯგუფის განცხადებებს ჰგავს," - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი "ამნესთი ინთერნეიშენალისა" და "ჰუმან რაით ვოჩის" ანგარიშებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში აქციებზე ადგილი ჰქონდა ძალადობას და ღია რეპრესიებს, რაც, მათივე შეფასებით, წამებას უტოლდება.
მაჭავარიანი იხსენებს, რომ ეს ორგანიზაციები ტერმინ "წამებას" იყენებდნენ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშიც, თუმცა, მისივე თქმით, მთელმა საქართველომ იცის, რომ ეს იყო სპექტაკლი და სიმულანტობა.
"მიხეილ სააკაშვილი როდესაც იმ სპექტაკლს ასრულებდა, რომელიც 2 წელი გრძელდებოდა, ეს ორგანიზაციები ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა არაადეკვატურ პირობებში, მას ეპყრობოდნენ საშინლად, მას აწამებდნენ და კლავდნენ. მთელმა საქართველომ იცის, რომ ეს ყველაფერი იყო სპექტაკლი, სიმულიანტობა და შემდეგ სტრასბურგის სასამართლომაც დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი არ სჭირს. ჭამა დაიწყოს და კარგად გახდებაო - დაიწყო საკვების მიღება, ჩვეულებრივად მოპუტკუნდა და თავს შესანიშნავად გრძნობს. შესაბამისად, ასეთი ტიპის განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.