28 დეკემბერი 2024,   04:34
ვრცლად
"თითქმის ყველა პარტიას, ჩვენ გარდა, აქვს ოლიგარქიული მხარდაჭერა, მათ უკან დგანან ოლიგარქები, ბანკები," - "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანი

ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება ოპოზიციაში დაპირისპირების მიზეზია. "გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრების თქმით, საბიუჯეტო დაფინანსება ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარებასთან დაკავშირებული არაა. ტატა ხვედელიანის შეფასებით, მათი პარტიის გარდა, თითქმის ყველა პარტიას "ოლიგარქიული მხარდაჭერა აქვს".

"ჩვენი აზრით, საბიუჯეტო დაფინანსება არაფერ შუაში არ არის ლეგიტიმაციასთან. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ გამოვიყენოთ შავი ფული. არ დავკონკრეტდები, ზოგადად ვიტყვი, თითქმის ყველა პარტიას, ჩვენს გარდა აქვს ოლიგარქიული მხარდაჭერა. მათ უკან დგანან ოლიგარქები, ბანკები", - აღნიშნა "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ტატა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიიდან, რომელიც არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად აცხადებს, სამი არჩევნების საფუძველზე დაფინანსებას მიიღებს. საბიუჯეტო თანხაზე უარი მხოლოდ კოალიციამ "ცვლილებისთვის" განაცხადა. ცესკოს ინფორმაციით, "ერთობა - ნაციონალურ მოძრაობის," "ძლიერი საქართველოს" და "გახარია საქართველოსთვის" გუნდს უარის თქმის ვადა გუშინ ამოეწურათ. ამ გადაწყვეტილების გამო, პარტიები ერთმანეთს ღიად აკრიტიკებენ. ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტიებმა სხვები ამუნათეს და ბოლოს დაფინანსებაზე უარი თავად არ თქვეს. მას მალევე კრიტიკით უპასუხა მამუკა ხაზარაძემ. "როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა საიდან ფინანსდები! კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე," - აცხადებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, რომელსაც "ერთობა - ნაციონალური მოძრაობაც" ეთანხმება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დაფინანსებაზე უარის ართქმით, მათ არჩევნების შედეგები აღიარეს.

 

დღის ამბები