საახალწლო ტრადიცია გრძელდება - საქართველოს მასშტაბით, ყველა ქალაქი 2025 წლის შესახვედრად ემზადება. სადღესასწაულო განწყობა იყო დღეს 6 მუნიციპალიტეტში.
გარდაბანში საკრებულოს მიმდებარედ მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცეები. გამოიფინა ადგილობრივი მეწარმეებს მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებიც. პატარებს კი თოვლის ბაბუა დახვდათ, რომელმაც მათ საახალწლო საჩუქრები გადასცა.
ზღაპრის გმირები და ანიმატორები, სახატავი სივრცეები ბავშვებისთვის, სანტა კლაუსის სახლი, სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები, ხელნაკეთი ნივთებისა და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა - ადიგენში დღევანდელი დღე დატვირთული იყო.
დილიდან სადღესასწაულო განწყობაა კასპშიც. ორგანიზატორები მოსახლეობის საშობაო განწყობის შექმნაზე ზრუნავდნენ. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიხსნა საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვის ჯიხურები და გასართობი სივრცეები.
ახალი წლის დღეებს უმასპინძლა ქედამაც. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო დრამერების შოუ, მუსიკალური კონცერტი და კოსტიუმირებული მსვლელობა. საშობაო ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქტები და ხელნაკეთი ნივთები.
საშობაო თემატიკით შექმნილი დეკორაციები, ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები ჯიხურები - წალენჯიხის ცენტრალურ მოედანზე გასართობი აქტივობები ყველა ასაკის ადამიანზე იყო გათვლილი.
დილიდან ხალხმრავლობა იყო საჩხერეშიც. საახალწლო ღონისძიება ორკესტრისა და ზღაპრის გმირების მსვლელობით დაიწყო, პატარებს კი სანტა კლაუსი საჩუქრებს ურიგებდა. ცალკე სივრცე დაეთმო საშობაო ბაზრობას. დღევანდელი დღე ყველა რეგიონში კონცერტითა და ფოირვერკით დასრულდა.
ახალი წლის დღეებს ხვალ ახმეტა, გურჯაანი, წეროვანი, ლენტეხი, ფოთი და სამტრედია უმასპინძლებს. ღონისძიება, მთავრობის ორგანიზებით, უკვე მეოთხე წელია, იმართება. საახალწლო კონცერტები, მთელი საქართველოს მასშტაბით, 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.