28 დეკემბერი 2024,   15:01
ვრცლად
ზელენსკი ბაიდენის ადმინისტრაციას ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისთვის მადლობას უხდის - უკრაინის პრეზიდენტი ამის შესახებ X-ზე წერს

აშშ-ის მიერ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, მადლობელია მადლობელია "შეერთებული შტატების, ქართველი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მხარდასაჭერად მისი ძლიერი ნაბიჯისთვის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის".

"მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ქართველი ხალხისა და მთელი ჩვენი რეგიონის მხარდასაჭერად მისი ძლიერი ნაბიჯისთვის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის. ივანიშვილი დღეს თბილისის ფაქტობრივი მმართველია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო პუტინის კონტროლის ქვეშ მოაქციოს. ჩვენს რეგიონში ნებისმიერი ქვეყნის დაკარგვა, ერთი ხალხისთვის დემოკრატიის დანგრევა და დანაშაულებრივი რუსული გავლენის გავრცელება საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს, ყველა ხალხს.

უკრაინამ უკვე გამოიყენა სანქციების სრული კომპლექტი ივანიშვილისა და მისი მაფიოზური ჯგუფის მთავარი ფიგურების წინააღმდეგ. ახლა კიდევ ერთი მტკიცე ქმედება-ძლიერი ამერიკული სანქციები. და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ევროპელ პარტნიორს, ყველა პარტნიორს მსოფლიოში, ვინც აფასებს ხალხთა ნორმალურ ცხოვრებას და თავისუფლებას, გამოიყენონ სწორედ ასეთი სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ, რათა მან გააცნობიეროს თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობის განადგურებისა და ქართველი ხალხის დამცირების ფასი. ჩვენ გვჯერა, რომ ვერც ერთი მაფიოზი ვერ შეძლებს თავისუფალი ხალხების ოჯახში, ევროპულ საზოგადოებაში ქართველი ხალხის თავისუფალ ცხოვრებაზე ოცნების მოპარვას", - წერს ზელენსკი.

დღის ამბები