28 დეკემბერი 2024,   08:40
ვრცლად
"ეს არის ხალხის ფული, იმ ხალხის ფული, რომელმაც ამ პარტიას ხმა მისცა, ამ ფულს გამჭვირვალედ მოვახმართ იმ საქმეს, რომელსაც ქართული დემოკრატიის გადარჩენა ჰქვია" - თამაზ დათუნაშვილი

ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება ოპოზიციაში დაპირისპირების მიზეზია. "ძლიერი საქართველოსთვის" წევრის, თამაზ დათუნაშვილის შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება გამოყოფილი თანხები მათ ამომრჩევლებს ეკუთვნით.

"ეს არის ხალხის ფული, თუ მეტად დაკონკრეტება გსურთ, იმ ხალხის ფული, რომელმაც ამ პარტიას ხმა მისცა. შესაბამისად, ჩვენ ამ ფულს გამჭვირვალედ, ყველა წესის დაცვით მოვახმართ იმ საქმეს, რა საქმესაც ჰქვია დღეს ქართული დემოკრატიის გადარჩენა და წინააღმდეგობის მოძრაობა. მანამ, სანამ ამის შესაძლებლობა გვექნება, ვიდრე არ დააკმაყოფილებენ ჩვენი მანდატების შეწყვეტის მოთხოვნას, მანამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას გავუყოფთ იმ ადამიანებს, ვინც ამ ბიუჯეტს ავსებენ. ანუ მოვახმართ იმ საქმეს, რასაც ქართული საქმე ჰქვია. ხალხის ფულს, ისევ ხალისთვის. ყველაფერი ამის მიღმა არის უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაცია, ის პროცესი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს დიდად არ აინტერესებს," - განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.

რაც შეეხება "ერთობა - "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განმარტებას, დაფინანსების საკითხს ხელისუფლების ლეგიტიმაციის აღიარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"სინამდვილეში, ამ საკითხს ლეგიტიმაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ ყველა ფორმალური ნაბიჯი გვაქვს გადადგმული იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი მხრიდან დელეგიტიმაცია ამ პარლამენტის. დაფინანსების ჩახსნისთვისაც არის საკმარისი ეს ნაბიჯები. თუ "ოცნება" არ დაგვაფინანსებს, ეს მათი გადაწყვეტილებაა და თუ ჩაგვირიცხავენ, ამ ჩარიცხულ ფულს მოვახმართ ისევ დაზარალებულებს," - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, ოთხი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიიდან, რომელიც არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად აცხადებს, სამი არჩევნების საფუძველზე დაფინანსებას მიიღებს. საბიუჯეტო თანხაზე უარი მხოლოდ კოალიციამ "ცვლილებისთვის" განაცხადა. ცესკოს ინფორმაციით, "ერთობა - ნაციონალურ მოძრაობის," "ძლიერი საქართველოს" და "გახარია საქართველოსთვის" გუნდს უარის თქმის ვადა გუშინ ამოეწურათ. ამ გადაწყვეტილების გამო, პარტიები ერთმანეთს ღიად აკრიტიკებენ. ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტიებმა სხვები ამუნათეს და ბოლოს დაფინანსებაზე უარი თავად არ თქვეს. მას მალევე კრიტიკით უპასუხა მამუკა ხაზარაძემ. "როცა სხვა ოპოზიციურ პარტიას ამუნათებ, ხმამაღლა უნდა თქვა საიდან ფინანსდები! კერძო შეხვედრის დროს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე," - აცხადებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, რომელსაც "ერთობა - ნაციონალური მოძრაობაც" ეთანხმება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დაფინანსებაზე უარის ართქმით, მათ არჩევნების შედეგები აღიარეს.

 

დღის ამბები