დატოვებს თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეს ახალი პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ - ამ თემასთან დაკავშირებით ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები გაკეთდა.
ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის მისაღებია, თუმცა ისინი, ნებისმიერ შემთხვევაში, მას გვერდით დაუდგებიან.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, თამაზ დათუნაშვილი: "კობახიძის მხრიდან, ეს არის დაშინების მცდელობა. ჩვენი პოზიციაა, რომ ჩვენ ვიდგებით პრეზიდენტის გვერდზე ისე, როგორც ეს პრეზიდენტს დასჭირდება. პრეზიდენტის გადასაწყვეტია 29 დეკემბრის სცენარი. პრეზიდენტი დღეს არის ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუცია საქართველოში, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციას სრულფასოვნად იცავს. მიხეილ ყაველაშვილი ვერასდროს გახდება საქართველოს პრეზიდენტი, ის არ არის ლეგიტიმური კოლეგიის მიერ არჩეული", - აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.
კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი: "29-ში რას ვაპირებთ ეს, პირველ რიგში, დამოკიდებულია ქალბატონ სალომე ზურაბიშვილზე - ის იღებს, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას. ჩვენ მასთან კონსოლიდირებულები ვართ, მიგვაჩნია, რომ ის გახლავთ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციის წარმომადგენელი ქვეყანაში. ყველა პოლიტიკური პროცესი, არჩევნების გაყალბების შემდგომ, არალეგიტიმურია - მათ შორის, ე.წ. პრეზიდენტის არჩევაც", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.