07 იანვარი 2025,   12:08
ვრცლად
იერიშები ღაზაზე და თავდასხმა ჰუმანიტარული დახმარების კოლონაზე - ომის 457-ე დღეს, ისრაელი სამხედრო ოპერაციას განაგრძობს

88 გარდაცვლილი და 200-ზე მეტი დაშავებული - ახლო აღმოსავლეთში ომის 457-ე დღეა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიში ხან იუნისზე მიიტანეს, სადაც ჰუმანიტარული დახმარების კოლონა იყო განთავსებული. თავდასხმის დროს დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა. სამოქალაქო თავდაცვის უწყება ისრაელს მიზანმიმართულ თავდასხმაში ადანაშაულებს.

ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ანკლავის ცენტრში. ღაზაზე მიტანილ საჰაერო იერიშს მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხედრო ოპერაცია ღაზის ჩრდილოეთით დასრულებულია. უწყება იმ ადგილებზე საუბრობს, რომელსაც ჰამასის მეთაურები სამალავ და ოპერაციულ ცენტრად იყენებდნენ.

ბალისტიკური რაკეტებით, ისრაელის კუთვნილ ელექტროსადგურების განადგურებას ცდილობენ იემენელი ჰუსიტები. მათი სამხედრო სპიკერი, იაჰია სარეა, ამბობს, რომ სარაკეტო ოპერაცია ოროტ რაბინის ელექტროსადგურის გასანადგურებლად წარმატებით დასრულდა.

ღაზაში, კამალ ადვანის საავადმყოფოში დაწყებული ოპერაციის გამო, ისრაელს აკრიტიკებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ამბობს, რომ თელ-ავივის პრეტენზიები ფართო და ბუნდოვანია, ვინაიდან მის დასამტკიცებლად საკმარისი არგუმენტები არ არსებობს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა მოსახლეობა თელ-ავივის ქუჩებში გამოვიდა. პროტესტი ალ-ქამასის ტერორისტული დაჯგუფების მიერ ისრაელელი მძევლის ვიდეოს გავრცელებას მოჰყვა. 1000-ობით მოქალაქე ხელისუფლებას ღაზაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და ტყვეების გასათავისუფლებლად აქტიურ მუშაობას ითხოვს.

ისრაელის მიერ ღაზაში სპეციალური ოპერაციის დაწყებიდან ერთ წელზე მეტი გავიდა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები შუამავლების მეშვეობით კვლავ განახლდა, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, როდის მიაღწევენ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

 

ავტორი: ლუკა ჩანგელია

დღის ამბები