"არა მგონია, რომ ასეთი ტიპის არაორდინალური გადაწყვეტილებები პოზიტიურად აისახოს ასეთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ორგანიზაციაზე", - ეს განცხადება "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით, თუნდაც ის ფაქტი, რომ ვიზიტი რაღაც დროით გადაიდო, მიუთითებს, რომ ეუთო/ოდირი აპირებს ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასთან.
"ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობამ ძალიან კარგად იცოდა, სად მიდიოდა, ვიზიტი სად და რა ფორმატში ექნებოდა. შესაბამისად, ახლა ამ საკითხის გადადება უნდა მოვკითხოთ თავად ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობას, რადგან ეს ორგანიზაცია საკმაოდ პრესტიჟულია. არა მგონია, რომ ასეთი ტიპის არაორდინალური გადაწყვეტილებები პოზიტიურად აისახოს ასეთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ორგანიზაციაზე.
ის, რომ გაკოტრებულია კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პატრონები, იქიდანაც ჩანს, რომ ვერ ჩამოყალიბდნენ - ეუთო/ოდირი არის თუ არ არის მნიშვნელოვანი ორგანიზაცია. არჩევნებამდეც და არჩევნების შემდგომაც, ეუთო/ოდირმა უკვე დაწერა და თქვა, რომ საქართველოში ჩატარდა კონკურენტუნარიანი არჩევნები. მეტიც - ეუთო/ოდირი აპირებს თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან. ახლაც კი, როცა ასეთი არასწორი, მაგრამ თავისი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ვიზიტი ცოტა ხნის მერე განხორციელდება, ნიშნავს, რომ აპირებს თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა 8 იანვარს საქართველოში აღარ ჩამოვა. "დისკუსიებისა და მკაფიო განხილვის შემდეგ, მე გადავწყვიტე, გადავდო ჩემი ვიზიტი საქართველოში იმ დრომდე, ვიდრე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა მეტად ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ მხარდაჭერა ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში", - წერს პია კაუმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიტიკური დისკუსია და მოწოდებები. ოპოზიციურმა პარტიებმა წერილით მიმართეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. განცხადებები იმის თაობაზე, რომ ვიზიტი მიზანშეწონილი არ იყო, გააკეთეს ჯო უილსონმა, მიხაილ როთიმ და რასა იუკნევიჩიანემ.