08 იანვარი 2025,   03:17
ვრცლად
"ქალბატონმა პიამ ვერ გაუძლო იმ ზეწოლას, რომელიც არამხოლოდ საქართველოდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც ხორციელდებოდა" - ვლადიმერ ბოჟაძე პია კაუმას ვიზიტის გადადებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის გადადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პია კაუმამ საქართველოსა და სხვა ქვეყნების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ვერ გაუძლო.

მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში არსებობენ ძალები, რომელთაც ქვეყნის წარმატება არ ახარებთ.

"ვიზიტის გადადება ცუდი პრეცედენტია, რადგან აღმოჩნდა, რომ ქალბატონმა პიამ ვერ გაუძლო იმ ზეწოლას, რომელიც არამხოლოდ საქართველოდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც [ხორციელდებოდა], ევროპარლამენტარების მხრიდანაც გაკეთდა [განცხადებები]. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არიან ძალები, რომელთაც არ უნდათ და არ უხარიათ ჩვენი ქვეყნის წარმატება. პირველ რიგში, ეს არის სწორედ რადიკალური ოპოზიცია.

თავად ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და მედია არ აღმოჩნდა მასთან სალაპარაკოდ მზად, რადგან იცით თქვენ, რომ ეუთოს დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი. ვიზიტის მთავარი ამოცანა იყო, რომ ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად უკვე დაგვეწყო მუშაობა იმ შენიშვნებსა და რეკომენდაციებზე, რომელიც ჰქონდა ეუთოს. ამისათვის არა მზაობა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ოპოზიციისთვის მთავარი არ არის არჩევნები, მთავარია ხელისუფლებაში მოვიდნენ და, რაც ყველაზე მთავარია, სამწუხაროდ, სწორედ არჩევნების გარეშე", - აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა 8 იანვარს საქართველოში აღარ ჩამოვა. "დისკუსიებისა და მკაფიო განხილვის შემდეგ, მე გადავწყვიტე, გადავდო ჩემი ვიზიტი საქართველოში იმ დრომდე, ვიდრე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა მეტად ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ მხარდაჭერა ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში", - წერს პია კაუმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიტიკური დისკუსია და მოწოდებები. ოპოზიციურმა პარტიებმა წერილით მიმართეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. განცხადებები იმის თაობაზე, რომ ვიზიტი მიზანშეწონილი არ იყო, გააკეთეს ჯო უილსონმა, მიხაილ როთიმ და რასა იუკნევიჩიანემ.

დღის ამბები