08 იანვარი 2025,   03:51
ვრცლად
"მისი გადაწყვეტილება მისასალმებელია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ როგორ ეფექტურად მუშაობენ პროდასავლური პოლიტიკური პარტიები" - თენგიზ თევზაძე პია კაუმას ვიზიტის გადადებაზე

"მისასალმებელი გადაწყვეტილება" - ასე ეხმაურებიან ოპოზიციაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას მხრიდან საქართველოში ვიზიტის გადადებას.

კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ამბობს, რომ ვიზიტის გადადება თანხვედრაშია იმ სულისკვეთებასთან, რომელიც პროტესტის მონაწილეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს აქვთ, რომ დიალოგი შეიძლება დაიწყოს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან და ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.

"მათ ძალიან კარგად ესმით ის ვითარება, რაც არის დღეს ქვეყანაში. ეს, ჩემი აზრით, თანხვედრაშია იმ სულისკვეთებასთან, რაც აქვთ დღეს პროტესტის მონაწილეებს, რაც აქვთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ დიალოგი, მედიაცია ან თუნდაც გარკვეული ტიპის ჩართულობა, შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმ საკითხებზე, რაც დღეს არის საქართველოში ყველაზე მწვავე და მთავარი - ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალ არჩევნებზე დიალოგის დაწყება, ახალი არჩევნების დანიშვნა," - აცხადებს გიგი წერეთელი.

კოალიცია "ცვლილებებისთვის" წევრი, თენგიზ თევზაძე კი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება იმაზე მიანიშნებს, თუ რა ეფექტურად მუშაობენ პროდასავლური პოლიტიკური პარტიები საქართველოს მეგობრებთან.

"აუცილებელი იყო გადადება, ვინაიდან როგორც ქართველი ხალხი, ისე პოლიტიკური პარტიები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყველა ამბობს, თუ რა არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი კონტექსტის გათვალისწინებით - ეს არის ახალი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. მისი გადაწყვეტილება მისასალმებელია და ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ როგორ ეფექტურად მუშაობენ პროდასავლური პოლიტიკური პარტიები ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყველა ჩვენს მეგობართან და პია კაუმა არის ჩვენი მეგობარი," - აცხადებს თენგიზ თევზაძე.

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა 8 იანვარს საქართველოში აღარ ჩამოვა. "დისკუსიებისა და მკაფიო განხილვის შემდეგ, მე გადავწყვიტე, გადავდო ჩემი ვიზიტი საქართველოში იმ დრომდე, ვიდრე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა მეტად ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ მხარდაჭერა ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში," - წერს პია კაუმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლიტიკური დისკუსია და მოწოდებები. ოპოზიციურმა პარტიებმა წერილით მიმართეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. განცხადებები იმის თაობაზე, რომ ვიზიტი მიზანშეწონილი არ იყო, გააკეთეს ჯო უილსონმა, მიხაილ როთიმ და რასა იუკნევიჩიანემ.

დღის ამბები