მმართველი გუნდი ევროპაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრობს. ავსტრიაში კანცლერი პოსტს ტოვებს კოალიციური მთავრობის შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლის გამო, გერმანიაში კი კანცლერს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა და თებერვლის ბოლოს ვადამდელი არჩევნებია ჩანიშნული. არ არის გამორიცხული, საფრანგეთში ახალი პრემიერის დასახელება გახდეს საჭირო, თუ დეკემბრის ბოლოს დანიშნული მთავრობის მეთაურის მიერ დასახელებული აღმასრულებელი ხელისუფლება, მეოთხე ჯერზეც ვერ მოიპოვებს ნდობას. ესპანეთში მთავრობა ბიუჯეტზე შეთანხმებას ვერ ახერხებს, ბელგიას კი ამ დრომდე არ ჰყავს მთავრობის ახალი შემადგენლობა. ამ ფონზე, საქართველოს შესახებ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები, მმართველი გუნდის წევრების აზრით, გარკვეული ძალების მიერ წინასწარ დაგეგმილი სცენარის ნაწილია.
ის, რაც მმართველი გუნდისთვის ევროპაში პოლიტიკური კრიზისის მანიშნებელია, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის მთავარი მახასიათებელია ოპოზიციისთვის.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროკავშირში არსებული კრიზისის ფონზე, მათთვის მიუღებელია კონკრეტული ქვეყნების ლიდერების დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, ევროპის ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში უწყებები გამართულად მუშაობს.
ევროპაში პოლიტიკური გარემოს არასტაბილურობის ფონზე, საქართველოში მშვიდობიანი პოლიტიკის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას პოლიტოლოგები.
ევროპის პოლიტიკურ დღის წესრიგში, როგორც ჩანს, მიმდინარე წელსაც ბევრ ცვლილებას ვიხილავთ. არჩევნების მოლოდინშია გერმანია. კიდევ ერთი არჩევნების დანიშვნის მიჯნაზეა ბულგარეთი. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ელის ხორვატიას. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალ პოლიტიკურ კონიუნქტურაში, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად რჩება.