08 იანვარი 2025,   05:25
ვრცლად
გაუქმებული და გადადებული ავიარეისები, დაკეტილი მაგისტრალები და სარკინიგზო ხაზები - აშშ-ში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში სტიქიას ებრძვიან

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური ნაწილი სტიქიური უბედურების ზონაა. ზამთრის ციკლონმა დიდთოვლობა, ძლიერი წვიმები, შტორმი და ქარიშხალი გამოიწვია. ამერიკაში 70-მა მილიონმა მოქალაქემ უამინდობის შესახებ გაფრთხილება უკვე მიიღო. ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში უპრეცედენტო დიდთოვლობას პროგნოზირებს.

ყველაზე რთული ვითარება კანზასის, მისურის, კენტუკის, ვირჯინიის, დასავლეთ ვირჯინიის, არკანზასსა და ნიუ-ჯერსის შტატებშია, სადაც უამინდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აშშ-ის ხელისუფლება მოსახლეობას მოსალოდნელი საშიშროების შესახებ აფრთხილებს. საგანგებო სიტუაციების მართვის ადგილობრივი სამსახურების განცხადებებში ნათქვამია, რომ კლიმატურმა პირობებმა, მოსალოდნელია, ელექტროენერგიის გრძელვადიანი და მასშტაბური გათიშვა გამოიწვიოს, რამაც, შესაძლოა, დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებთათვის სიცოცხლისთვის საშიში სიტუაციის რისკი შექმნას.

უამინდობის გამო აშშ-ში 1000 ავიარეისი გაუქმდა, 3000 კი გადაიდო. საფრენი ბილიკზე ყინულის საფარის გამო, დროებით შეაჩერა მუშაობა კანზასის საერთაშორისო აეროპორტმა.

შეფერხებებია, საქალაქთაშორისო მაგისტრალებზეც. კანზასის შტატის ავტოტრანსპორტის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ შტატის ცენტრალური მაგისტრალი, რომელიც კანზასს მისურისთან აკავშირებს, დახურულია. საუბარია გზის 354 კილომეტრიან მონაკვეთზე. ამერიკული გამოცემა "ინდიფენდენტის" ცნობით, ბოლო დღეებში ვირჯინიაში, ინდიანაში, კანზასში და კენტუკიში ასობით ავტოავარია მოხდა.

უამინდობაა ინგლისის რეგიონებშიც. ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე რაიონებში - დიდთოვლობით, ყინვით და ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობა საქალაქთაშორისო გზების და სარკინიგზო ხაზების დროებით დახურვის მიზეზი გახდა. დახურულია ბირმინგემის, ლივერპულის, ბრისტოლის, ნიუკასლის და ლიდსის აეროპორტების ასაფრენი ბილიკები, გადადებულია ათობით ავიარეისი. 30-ზე მეტი ფრენა გაუქმებულია მანჩესტერში, გადადებულია 300-ზე მეტი რეისიც.

დიდთოვლობის გამო, რეისები გაუქმდა გერმანიის აეროპორტშიც. შეფერხებით მუშაობს მიუნხენის, ფრანკფურტის, შტუტგარტის და ბერლინის აეროპორტები. დოიჩე ველეს ინფორმაციით სულ ქვეყანაში უამინდობის გამო 180 ავიარეისი გაუქმდა. გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახური ყინვის და უხვი ნალექის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები