
"მთელი მსოფლიო ჩემს წინააღმდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, მე საკუთარი თავის რწმენა მაქვს," - ამის შესახებ მერაბ დვალიშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც UFC311-ზე უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
მერაბ დვალიშვილმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
"მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს, მიყვარხართ ქართველებო! იცით, რომ არასდროს ვჩერდები და მუდამ ვვარჯიშობ, მაგრამ როდესაც ბრძოლას 6 კვირით ადრე დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი. ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო, თუმცა ვიცოდი, რომ UFC-ის ვჭირდებოდი.
უმარი ძლიერი მებრძოლია. მან მე მოხუცი მიწოდა. დიახ, მოხუცი ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ. მჯერა, რომ შრომითა და საკუთარი თავის რწმენით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.
მთელი მსოფლიო ჩემ წინააღმდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, მე საკუთარი თავის რწმენა მაქვს," - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა. ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა. ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში პირველად დაიცვა. მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 23 შეხვედრის შემდეგ 19 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-12 იყო.