07 თებერვალი 2025,   11:27
ვრცლად
მთავრობა 2026 წლის აპრილში ახალი, უეფას სტანდარტების 70 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობას იწყებს - ახალი სტადიონი მულტიფუნქციური იქნება

თბილისში, უეფას ყველა კრიტერიუმის დაცვით, ახალი სტადიონი აშენდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, წამყვანი ევროპული კლუბების არენების მსგავსად, საქართველო უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირებს უმასპინძლებს. დეტალებზე პრემიერ-მინისტრმა მედიასთან უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი, დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს.

პრემიერის განცხადებით, გარდა სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისა, სტადიონის ბაზაზე შეიქმნება მაღალი რანგის საკონცერტო ინფრასტრუქტურა და საკონვენციო ცენტრი, რაც  ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობასაც გაზრდის. 

ამბიციური პროექტის შემუშავების პროცესში, ქართული მხარისა და უეფას მჭიდრო თანამშრომლობაზე საუბრობენ ინფრასტრუქტურისა და სპორტის მინისტრები. უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, სამთავრობო გუნდში ისიც თქვეს, რომ სტადიონის პროექტი მასშტაბებიდან გამომდინარე,  უპრეცედენტოა.

სტადიონის მშენებლობისთვის ქალაქის გარეუბანში 2 ძირითადი ლოკაციაა შერჩეული, საბოლოო გადაწყვეტილებას კი სამთავრობო კომისია ჰოლანდიურ კომპანიასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. ფეხბურთის ფედერაციაში ამბობენ, რომ ახალი ინფრასტრუქტურა ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალის გასამართი მატჩის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს. საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის მნიშვნელობაზე საუბრობენ რაგბის კავშირშიც.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დღეს რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული ვითარებაც განიხილეს. მთავრობა ქვეყნის მასშტაბით, 40-ზე მეტ მუნიციპალიტეტში ახალი სტადიონების მშენებლობას გეგმავს.

დღის ამბები