10 აგვისტო 2026,   22:41
ვრცლად
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების ნაწილი აცხადებს, რომ მათ სატრანსპორტო საშუალებაში ხარვეზი არ დაფიქსირებულა

თბილისის მერიის ინფორმაციით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებული აპარატები, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გამორთული იყო, უკვე აღდგენილია. მათივე ინფორმაციით, აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას "საქართველოს ბანკის" კონტრაქტორი კომპანიები – შპს "მს პლუსი" და შპს "აზრი" ახორციელებენ, ფიქსირდებოდა ხარვეზი და ირთვებოდა აუდიოჩანაწერი.

სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების მძღოლების ნაწილი აცხადებს, რომ ცხელი ხაზიდან გამაფრთხილებელი შეტყობინება მიიღეს, თუმცა მათ სატრანსპორტო საშუალებაში ეს ხარვეზი არ დაფიქსირებულა.

ხარვეზის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, მოქალაქეებმა გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატებში საპროტესტო ლოზუნგები და სხვადასხვა ჩანაწერი ისმოდა, მათ შორის, ზვიად გამსახურდიასა და ზურაბ ჟვანიას სიტყვები და საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.

ერთ-ერთი მგზავრი: "ისმოდა ჩვენი ჰიმნი, ევროკავშირის ჰიმნი, ზვიად გამსახურდიას სიტყვები: "გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს", ზვიად ჟვანიას სიტყვები: მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი".

ერთ-ერთი მგზავრი: "ბარათი რომ მივადე, მაგ დროს გაჟღერა ზვიად ჟვანიას ხმა. გამიკვირდა, მაგრამ მერე თქვეს, რომ ჰაკერული თავდასხმააო."

საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებული აპარატების კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის საქმეზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს 284-ე მუხლით იძიებს.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები