
თეთრ სახლში, შეერთებული შტატებისა და ისრაელის პირველი პირების შეხვედრის მთავარი თემა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება და ტერიტორიიდან პალესტინელების სამუდამო გადასახლება იყო. ერთობლივ ბრიფინგზე ასევე ითქვა, რომ ვაშინგტონი ღაზას საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევს და ის იქნება პასუხისმგებელი ყველაფერზე.
ტრამპი ამბობს, რომ ღაზის სექტორი სიკვდილისა და განადგურების სიმბოლოა და ამიტომ პალესტინელები, სხვა ქვეყნებთან ერთად, ეგვიპტესა და იორდანიაში უნდა გადასახლდნენ, ღაზის სექტორი კი "ახლო აღმოსავლეთის რივიერად" იქცეს. ამ თემაზე ცნობილია კაიროსა და ამანის პოზიციაც - ტრამპის წინადადება პალესტინელების მათ ქვეყნებში გადასახლების შესახებ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის პარალელურად, ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც აჩერებს შეერთებული შტატების ჩართულობას გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან, ასევე წყდება გაერო-ს პალესტინის დახმარების სააგენტოს დაფინანსება.
გაფორმდა საპრეზიდენტო მემორანდუმიც. დოკუმენტი აღადგენს ვაშინგტონის მკაცრ პოლიტიკას ირანთან დაკავშირებით და მიზნად ისახავს ირანის ნავთობის ექსპორტის ნულამდე დაყვანას.