"ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს," კვლავ, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის უმაღლესი სტატუსი - იუნესკოს პატრონაჟი მიენიჭა.
იუნესკოს ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ ნოემბერში დაგეგმილი ღონისძიება სრულად შეესაბამება ორგანიზაციის გლობალურ პრიორიტეტებს, ხელს უწყობს კულტურულ დიალოგს და მნიშვნელოვანია მომავალი თაობების განვითარებისთვის. სტატუსის მინიჭებასთან ერთად, ფესტივალის ორგანიზატორებს იუნესკოს ოფიციალური ლოგოს გამოყენების უფლება მიეცათ.
როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე აცხადებს, ეს პირველ რიგში, საქართველოს გამარჯვებაა.
"იუნესკოს პატრონაჟი, რომელიც ბათუმის შავი ზღვის ფესტივალს უკვე მერვეჯერ მიენიჭა, ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენაა. ეს არის, პირველ რიგში, საქართველოს გამარჯვება. ეს არის სახელოვნებო სფეროს გამარჯვება და ეს არის კულტურული დიალოგი, რომელიც არის საქართველოსა და მთელ მსოფლიოს შორის," - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.