8 პირის გირაოთი გათავისუფლებას ეხმაურებიან მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ოპოზიციონერი ლიდერებისგან განსხვავებით, მათი მხარდამჭერები არათანაბარ პირობებში არიან.
"დატოვეს საპატიმრო დაწესებულება გირაოს გადახდის სანაცვლოდ. ზოგადად, ჩვენ ვნახეთ, რომ რაღაც ტრენდი არსებობს, რომ ისინი ჩაიდენენ დანაშაულს, შემდგომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ გამოდიან, ხოლო ის ადამიანები, რომელიც მათ გვერდზე დგანან და რომელთაც შემდგომ არ აქვთ საშუალება, ის ადმინისტრაციული სახდელით დაკისრებული ჯარიმა გადაიხადონ, რჩებიან პასუხისგებაში. მათი უდიდესი ნაწილი დამოკიდებულები იყვნენ იმ საპარლამენტო მანდატებზე, რომელიც გაუუქმდათ, შესაბამისად, ისინი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, შემდგომში ჩადენილ დანაშაულებზე ისეთივე პასუხისგებაში მიეცემიან, როგორც ჩვეულებრივი ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები," - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსმა, ვახტანგ ჩოჩიამ.
ცნობისთვის, გვიან ღამით დატოვა საპატიმრო "თბილისი მოლთან" სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებულმა რვავე პირმა, მათ შორის, გიგი უგულავამ და დიმიტრი ბიძინაშვილმა. რამდენიმე საათით ადრე, სასამართლომ ბრალდებულებს, აღკვეთის ღონისძიების სახით, სხვადასხვა ოდენობით გირაო შეუფარდა. უგულავას, ბიძინაშვილსა და კიდევ 3 დაკავებულს 5 000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ, დანარჩენს - შედარებით ნაკლები.