საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რომელიც "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" სარჩელის საფუძველზე, საბოტაჟის მცდელობისა და სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების კუთხით დაიწყო.
ირაკლი ზარქუას განცხადებით, აუცილებელია გაირკვეს, თუ რას ხმარდებოდა საერთაშორისო გრანტები.
"საერთაშორისო გრანტები ისეთ რაღაცებს ხმარდებოდა, ეს უკვე არის საფუძველი, რომ გამოძიება დაიწყოს. აქ ვინ ასრულებდა იმ დაკვეთას? ვინ იყვნენ ის უსამშობლოები კონკრეტული არგუმენტებით უნდა დაიდოს დასკვნები. მე დიდი იმედი მაქვს, რომ პროკურატურა გააკეთებს სწორ და სამართლიან მოკვლევას, ყველას მიაგნებს, ვინც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ილაშქრებდა. მათ მოუწევთ პროკურატურას მისცენ ჩვენება, თუ ვისგან იღებდნენ ამ დაფინანსებას, რა მოტივაციით, რა მიდგომით, რა დაკვეთით ასრულებდნენ, რა შინაარსის იყო ეს დაკვეთა: ძალადობა? სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოშლა? ძალოვან უწყებებზე გალაშქრება? მოლოტოვის კოქტეილების სროლა? ყველაფერზე მოუწევთ პასუხის გაცემა. მათ უნდათ თუ არ უნდათ, მოუწევთ ჩვენებების მიცემა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.