
უკვე მეორედ, საგამოძიებო უწყებაში საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე გამომძიებლების შეკითხვებს "ნეიტრალური საქართველოს" წევრი ნანა კაკაბაძე პასუხობდა. 4 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ ჩვენება დღეს ბიძინა გიორგობიანმაც მისცა. რამდენიმე საათიანი გამოკითხვების შემდეგ, მომჩივნებმა თქვეს, რომ საგამოძიებო ჯგუფს კონკრეტული მტკიცებულებები წარუდგინეს.
საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ ოპოზიციონერი ლიდერები. ხელისუფლების ოპონენტებისთვის საჩივარი უარგუმენტოა.
საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება, დაუსჯელი არ დარჩება - "ქართულ ოცნებაში" გამოძიების დასრულებას ელოდებიან. "ხალხის ძალაში" კი ამბობენ, რომ საბოტაჟსა და მტრულ საქმიანობაში დახმარების არაერთი მტკიცებულება უკვე სახეზეა.
პროკურატურის ობიექტურობაში დარწმუნებულია და გამოძიების შედეგებს ელოდება პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძეს ოპოზიციის მხრიდან საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი არ უკვირს.
მთავარ საგამოძიებო უწყებაში საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე გამოძიება 8 თებერვალს, "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაიწყო. მომჩივანი, საგამოძიებო ჯგუფისგან ჯაშუშური ქსელის გამოვლენას და ბოლო 13 წლის განმავლობაში, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების რევოლუციით დამხობის გეგმების გამოძიებას ითხოვს. გამომძიებლების შეკითხვებს საჩივრის სამმა ავტორმა უკვე უპასუხა, საგამოძიებო მოქმედებები პროკურატურაში ხვალაც გაგრძელდება.
ავტორი: ნანა გოგატაძე.