4-საათიანი მოლაპარაკებები ერ-რიადში და პირველი შედეგები. უკრაინაში ომის დასრულების გეგმაზე მუშაობის პარალელურად, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გადაიხედება. 18 თებერვალს, შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ქვეყნები ურთიერთობების ნორმალიზებას შეეცდებიან. ეს კი თავდაპირველად მრავალწლიანი სანქციებისა და დაპირისპირებების შემდეგ, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური მისიების სრულად აღდგენას გულისხმობს.
რა იყო მანამდე? ამერიკასა და რუსეთს შორის დიპლომატიური ომი 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის საპასუხოდ დაიწყო. მაშინ, ვაშინგტონმა მოსკოვის მიმართ ე.წ. "სისტემური შეკავების" პოლიტიკა წამოიწყო და ქვეყანაში რუსი დიპლომატების რაოდენობა შეამცირა. ანალოგიური იყო რუსეთის პასუხიც.
შემდეგ იყო 2016 წელი. ბარაკ ობამას ადმინისტრაცია, რუსეთის 5 საპატიო კონსულს აკრედიტაცია გაუუქმა. მაშინ მიზეზად ამერიკელი დიპლომატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში, რუსეთის ხელისუფლების ჩარევა დასახელდა. იმავე წლის ბოლოს, აშშ-მა რუსეთი ამერიკის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა და 35 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, დაილუქა შტატებში რუსეთის დიპლომატიური ქონებაც.
2017 წლის ივლისში, უკვე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ახალი ანტირუსული სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთმა ამერიკას დიპლომატიურ მისიებში მყოფი თანამშრომლების რაოდენობის გათანაბრება შესთავაზა. შედეგად, რუსეთის დატოვება 755 ამერიკელ დიპლომატს მოუწია - მაშინ მედია წერდა დიპლომატების მასშტაბურ გაძევებაზე, რომლის მსგავსი ცივი ომის დროსაც კი არ მომხდარა.
შემდეგ იყო სკრიპალების საქმე და კიდევ ერთი ანტირუსული სანქცია. 2018 წლის მარტში, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი და მისი შვილი მოწამლეს. მაშინ გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ბრალი რუსეთს დადო და 23 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ასე მოიქცა ამერიკაც, სახელმწიფო დეპარტამენტმა ქვეყნიდან 60ი რუსი დიპლომატი გააძევა და სიეტლში რუსეთის გენერალური საკონსულო დახურა. სარკისებური იყო რუსეთის პასუხიც, რომელმაც ქვეყნიდან 60ი დიპლომატი გააძევა, დახურა სანქტ-პეტერბურგში ამერიკის საკონსულოც.
2021 წლის დასაწყისში, რუსულმა მხარემ უკვე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას დიპლომატიური კონფლიქტის "განულება" შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. არჩევნებში რუსეთის ჩარევის ბრალდებების ფონზე, შტატებმა ათი რუსი დიპლომატი გააძევა, რომელთაგან ნაწილს დაზვერვის წარმომადგენლებად მიიჩნევდნენ. საპასუხოდ, რუსეთმაც ათი ამერიკელი დიპლომატი გააძევა და ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობის წესები გაამკაცრა.
2022 წლის თებერვალ-მარტში, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე, აშშ-მა პერსონა ნონ გრატად 14 რუსი დიპლომატი გამოაცხადა. საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს გადასცა გაძევებული ამერიკელი დიპლომატების სია.
2023 წლის ოქტომბერში, ვაშინგტონმა 200 რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება უბრძანა, მანამდე მოსკოვმა აშშ-ის საელჩოს პირველი და მეორე მდივნები გააძევა. 2024 წლის ივნისში კი, აშშ-ის ხელისუფლებამ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში რუსეთის ვიზების ცენტრებიც დახურა.
2025 წელი, რუსეთ უკრაინის ომის დასრულების ერთ-ერთ წინაპირობად ამერიკა - რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის გააქტიურება და ნორმალიზება სახელდება.