კომპანია "მიშენგეითის" დამფუძნებელი, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი გამოეხმაურა პროკურატურის მხრიდან მის მიმართ წაყენებულ ახალ ბრალდებას, რომელიც "მტკვარი ჰესის" მშენებლობას ეხება.
ბაჩიაშვილი მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია ბრალი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს.
"ბრალში არ წერია ზუსტად, რა რისკებზე და რომელ გულგრილობაზეა საუბარი, თუმცა, წინასწარ მინდა განვაცხადო, რომ თანაინვესტირების მთელი გუნდი იყო ძალიან პროფესიონალური და ყველა ზედმიწევნით ასრულებდა თავის უფლება-მოვალეობას, მათ შორის, მეც. ფონდის ყველა გადაწყვეტილება ხდებოდა საკომიტეტო წესით. ამ კომიტეტში მონაწილეობდნენ როგორც მმართველი დირექტორები, ასევე სხვა რისკის ოფიცრები. ამ შემთხვევაში, ეს კიდევ ერთი ფაბრიკაციაა.
თუკი რამე გადახარჯვა და ბიუჯეტის ზრდა იყო, იყო ობიექტური, შემოწმებული იყო რამდენიმე ტექნიკური ექსპერტისა და ინჟინრის მიერ და აქ ვერანაირი გულგრილობა ვერ გამოისახებოდა," - აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს პროკურატურამ ახალი ბრალი 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წაუყენა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
გამოძიების ინფორმაციით, ფონდი და, შესაბამისად, მისი გენერალური დირექტორი კომპანია "ჯი სი ეფ ლუქსემბურგთან" გაფორმებული შეთანხმებით, მისი აქტივების მართვაზე იყო პასუხისმგებელი, თუმცა არაჯეროვნად ასრულებდა მოვალეობას. "მტკვარი ჰესის მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში, არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად. მიუხედავად კოლოსალური დანახარჯებისა, ჰესი ექსპლუატაციაში დღემდე არ შესულა, შედეგად კი არსებითად დაზიანდა ინვესტორის კანონიერი ინტერესები," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.