10 აგვისტო 2026,   13:18
ვრცლად
დიდთოვლობა საქართველოში, ყინვა, ზოგან ძლიერი ქარი - როდის მოხდება დიდთოვლობის გამო სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა

ბათუმის ქუჩები 6-დღიანმა ინტენსიურმა თოვამ, სტიქიის ზონად აქცია. ბათუმი, ქობულეთი, ხულო, ქედა ყველგან უხვი ნალექია. თოვლმა, ბათუმში წყალმომარაგების ცენტრალური მილი დააზიანა და 10 000-მდე ადგილობრივი სასმელი წლის გარეშე დარჩა. მილის შეკეთების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უწყვეტად მუშაობს ათეულობით მძიმე ტექნიკა და ასეულობით ცოცხალი ძალა. შეჩერებულია სასწავლო პროცესი. უხვმა ნალექმა დააზიანა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა, რომლის აღდგენითი სამუშაოები თითქმის დასრულებულია. რთული მეტეოროლოგიური ვითარების გამო გადადებულია ავია-რეისები.

სტიქიასთან ბრძოლა ქობულეთში და მაღალმთიან სოფლებში 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გუშინ სოფელ ქაქუთისკენ 5 კილომეტრი გზა 9 თვის ფეხმძიმის გამოსაყვანად გაიწმინდა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ქედის მუნიციპალიტეტში, სადაც თოვლის საფარმა დაბალ ზონაში 1 მეტრს, ხოლო მაღალ ზონაში კი 2 მეტრს მიაღწია. მძიმე ტექნიკით მიმდინარეობს საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები. შვიდ ადმინისტრაციულ ერთეულში შეზღუდულია ელექტროენერგიის მიწოდება.

თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ხულოშიც. იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები. ელექტროენერგია ხულოში მცხოვრებ მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება. შექმნილია საგანგებო შტაბიც.

თოვს სამეგრელოშიც. ფოთის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში შეჩერებულია სასწავლო პროცესი. სპეციალური ტექნიკით იწმინდება ქალაქის ცენტრალური და შიდა ქუჩები. ზუგდიდში კი უხვ ნალექს განსაკუთრებული პრობლემები არ შეუქმნია. გაწმენდილია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზა.

სტიქია იმერეთშიც, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში უხვი ნალექია. სკოლებში და ბაღებში სწავლის პროცესი შეჩერებულია. გზებზე იყრება ტექნიკური მარილი, რეგიონში მობილიზებულია 109 ერთეული სპეციალური ტექნიკა. დიდთოვლობის გამო ჩაკეტილია 42 სოფლის გზა.

უხვი ნალექია აღმოსავლეთ საქართველოსიც. ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა. მძიმე ტექნიკა მუშაობს სოფლებშიც, განსაკუთრებით ქარელის მუნიციპალიტეტში, სადაც სამი მიმართულებით, მათ შორის მაღალმთიან ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, იწმინდება გზები. დენის მიწოდება 3 სოფელშია შეწყვეტილი. ცენტრალურ მაგისტრალზე კი მცხეთა-სურამის მონაკვეთზე, გადაადგილება შეუზღუდავად მიმდინარეობს.

სტიქია უკან იხევს კახეთში. რამდენიმედღიანი შეზღუდვები მოხსნილია. ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე და ცენტრალურ მაგისტრალებზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია. თელავში, მუნიციპალური ტრანსპორტი შეუფერხებლად ფუნქციონირებს.

დასავლეთ საქართველოში უამინდობა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. 112 მოსახლეობას გამაფრთხილებელ შეტყობინებებს უგზავნის. დიდთოვლობის გამო რამდენიმე რეისი გააუქმა საქართველოს რკინიგზამაც.

 

ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები