უკვე მეხუთე დღეა, მოვლენების ეპიცენტრი გურიაა, სადაც სპეციალური სამსახურები დიდთოვლობას 24 საათიან რეჟიმში ებრძვიან. ოზურგეთი, ლანჩხუთი ჩოხატაური სამივე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებთან ერთად სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით მუშაობენ. იწმინდება გზები, თუმცა სტიქიის გამო, რამდენიმე სოფელი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია დრონებიც.
გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და ახალი დავალება საკოორდინაციო შტაბს უკვე მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მორიგ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ ელექტრომომარაგების სწრაფად აღდგენისთვის კონკრეტული მითითებები გასცა.
დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებიან თავდაცვის ძალები. სამხედროები მეხანძრე-მაშველებთან ერთად ყველა იმ კრიტიკულ ობიექტზე მუშაობენ, რომლის შესახებაც დავალებას საკოორდინაციო შტაბიდან იღებენ.
მედიკამენტებით და საკვებით მომარაგება, დათოვლილი სახურავების გაწმენდა თუ გაუვალი გზებიდან მოსახლეობის გამოყვანა - შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. დათოვლილი გზები კი საინჟინრო და მუხლუხებიანი სპეციალური ტექნიკით იწმინდება.
6 ლოკალური შტაბი და 650 ზე მეტი მეხანძრე მაშველი - შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, საპოლიციო ძალებთან და მედიკოსებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. გურიაში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სპეცტექნიკა.
ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მობილიზებულია 200-ზე მეტი სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მაღალი გამავლობის სასწრაფო დახმარების მანქანები. მხოლოდ გასული 2 დღის განმავლობაში მედიკოსები 81 გამოძახებაზე იმყოფებოდნენ, პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს ათობით ადამიანს, ჰოსპიტალიზაცია კი 30 პაციენტს დასჭირდა. პროცესში ჩართულები არიან სოფლის ექიმები, რომლებიც სატელეფონო კონსულტაციას უწევენ მოქალაქეებს
იწმინდება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზები. მოძრაობა აღდგა საჯავახო- ჩოხატაური ოზურგეთის მიმართულებაზე. გაწმენდილია სოფლებიდან ცენტრებთან დამაკავშირებელი გზების ნაწილი, თუმცა ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით გამოწვევები ჯერ კიდევ არის.
რთულია ვითარება ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. მეტეოროლოგიური პირობების გამო რამდენიმე სოფელში სპეციალური ტექნიკა ვერ შედის. მოსახლეობის ნაწილს ამ დრომდე არ აქვს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.
სტიქიის ზონაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი. ვახტანგ გომელაური ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პრობლემებს ოზურგეთის რაიონ სოფელ ბაილეთში მოწყობილ შტაბშიც გაეცნო.
დათოვლილი გზების გაწმენდა, კომუნიკაციებისა და ელექტროენერგიის აღდგენა, გურიაში მთავარ პრიორიტეტებად რჩება. 140 ტონა სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტი გურიაში უკვე გაიგზავნა. პროდუქტი გურიის მხარის სამივე მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით დაზარალებულ მოსახლეობას გადაეცემა.