11 აგვისტო 2026,   23:01
ვრცლად
სამაშველო, სახანძრო, სასწრაფო, პოლიცია, თავდაცვა, მოხალისეები, ხალხი - საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო შტაბი, სტიქიის ზონებში გაწმენდით სამუშაოებში ყველა ერთიანი ძალებით ჩაერთო

პატარა დემეტრე სამყაროს ჩოხატაურის კლინიკაში მიყვანიდან ხუთ წუთში მოევლინა, თუმცა გოგოლესუბნიდან სამედიცინო დაწესებულებამდე გზა არცთუ ისე მოკლა და იოლი აღმოჩნდა. დედას მშობიარობა ზუსტად იმ დროს დაეწყო, როცა სოფელი ორმეტრიანმა თოვლმა დაფარა და ყველა მისასვლელი გზა მთლიანად ჩაიკეტა.

მარიამ თათარაშვილს სასწრაფო დახმარების ბრიგადა გოგოლესუბანისმისასველთან ელოდა. მაშველები სახლამდე გზის გაწმენდას ცდილობდნენ, თუმცა დრო არ ითმენდა. საბოლოოდ, მშობიარე ქალი სასწრაფოს მანქანამდე მეზობლის ტრაქტორით მიიყვანეს, იქიდან კი სასწრაფომ ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანა.

გურიაში მოულოდნელად მოსულმა უხვმა ნალექმა ათობით სოფელი სტიქიის ზონად აქცია. მაშველები ხალხის დახმარებასა და გზის გასუფთავებას სპეცტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თუმცა ინტენსიური თოვა დამატებით პრობლემებს ქმნიდა.

მაშველები, პოლიცია, სასწრაფო, მოხალისეები - ერთკვირიანი სტიქიის დროს, ყველა ერთად მუშაობდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნა საგანგებო შტაბები. მათ მუშაობაში იყო ჩართული პრემიერ-მინისტრი, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სამაშველო ჯგუფებმა დიდთოვლობაში ჩარჩენილი არაერთი ადამიანი სამშვიდობოს გამოიყავნეს.

სტიქიამ არაერთი სახლი დააზიანა. გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო სოფელი ჩოჩხატიც, იმედის პირველი სხივი კი მაშინ გამოჩნდა, როცა ადგილობრივებმა სოფლის მისადგომებთან სამაშველო სამსახურისა და სპეციალური ტექნიკის ხმა გაიგეს. ორმეტრიანი თოვლით დაფარული გზების ძირითადი ნაწილი გაიწმინდა, რამაც მოსახლეობისთვის საკვებისა და წამლების მიწოდება შესაძლებელი გახადა. ჩაკეტილ სივრცეში აღმოჩნდნენ მოხუცები, კაცები, ქალები და ბავშვები - მძიმე დღეების მიუხედავად, გურულები ჩვეულ ოპტიმიზმს მაინც არ კარგავდნენ.

სტიქიის ზონაში მაშველებს მალევე შეუერთდნენ ჯარისკაცებიც. მათ საკვებისა და მედიკამენტების გარეშე დარჩენილ მოსახლეობასთან საჭირო პროდუქტები პირადად მიჰქონდათ. სტიქიის ზონიდან განხორციელდა არაერთი ადამიანის ევაკუაცია. განსაკუთრებული პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ისინი, ვისაც სამედიცინო მომსახურება სჭირდებოდა. იმის გამო, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანების გადაადგილება შეუძლებელი იყო, მაშველებსა და ჯარისკაცებს პაციენტები უახლოეს პუნქტამდე ხელით გამოჰყავდათ.

სოფელ სურებიდან მეხანძრე-მაშველებმა ადგილობრივი მამაკაცი გამოიყვანეს. პაციენტი საავადმყოფოში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადაიყვანეს.

მაშველები და თავდაცვის ძალები ჩაერთნენ სახლების სახურავების გადათოვლის პროცესშიც. დიდთოვლობამ რეგიონში არაერთი საცხოვრებელი დააზიანა.

ერთკვირიან დიდთოვლობას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. სოფელ კონჭკათში, მეზობლის სახლის გადათოვლის დროს, სახურავი ჩავარდა, რამაც მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სტიქიამ მთელი საქართველო გააერთიანა. მოსახლეობის დახმარებასა და მათთვის საკვების მიწოდებას ცდილობდნენ, როგორც ადგილობრივი, ისე სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მოხალისეებიც.

სტიქიამ ყველაზე მეტად გურიისა და იმერეთის რეგიონები დააზარალა - აქ სალიკვიდაციო სამუშაოები ახლაც გრძელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ, 1985 წლის შემდეგ, მსგავსი დიდთოვლობა არ უნახავთ.

აჭარის რეგიონში გამოიდარა და გარე სამყაროს მოწყვეტილი სოფლების რაოდენობა შემცირდა. სალიკვიდაციო სამუშაოები ძირითადად ხელვაჩაურის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში გრძელდება. სპეცტექნიკა სასოფლო გზებს წმენდს.

დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებს ახლაც ებრძვიან, დათოვლილი სოფლის ქუჩებში კი ნელ-ნელა ადგილობრივები ბრუნდებიან.

დღის ამბები