
სამშვიდობო მოლაპარაკებებს ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში ტრამპმა დაწერა, რომ "უკრაინისთვის ვითარება სავალალოა, ზელენსკის შეუძლია მშვიდობა ჰქონდეს ან კიდევ სამი წელი იბრძოლოს, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს". ტრამპის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ზელენსკი ტრაბახობს, იმით რომ უკრაინა არ ცნობს ყირიმის ოკუპაციას".
შტატების პრეზიდენტის შეფასებით, ეს განცხადება საზიანოა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რამდენადაც ყირიმი მრავალი წლის წინ ობამას დროს დაიკარგა და განხილვის საგანი არ არის. "ზელენსკის წამქეზებლური განცხადებები ართულებს ამ ომის მოგვარებას. მას არაფერი აქვს სატრაბახო. დღეს გაკეთებული განცხადება არაფერს მოიტანს, გარდა სიკვდილის ველის გახანგრძლივებისა", - წერს დონალდ ტრამპი.
თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა მკაფიოდ არ უპასუხა შეკითხვას უჭერს თუ არა მხარს სამშვიდობო შეთანხმებაში პუნქტის შეტანას, რომელიც კიევის მიერ ყირიმზე რუსული კონტროლის აღიარებას მოიაზრებს.
"ბევრმა თქვა, რომ რუსეთს მთელი ტერიტორიის მიტაცება სურდა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რუსეთთან შეთანხმება გვაქვს. ზელენსკისთანაც უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას. იმედი მქონდა, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკება უფრო ადვილი იქნებოდა. ამ დრომდე ეს უფრო რთული აღმოჩნდა, მაგრამ არაუშავს. მე მხოლოდ ომის დასრულება მინდა. არ მაინტერესებს ორივე მხარე ბედნიერია თუ არა, მთავარია ორივე მხარე შეთანხმდეს. მე არ მყავს ფავორიტები. მე მინდა შეთანხმებას მივაღწიო. მინდა სიცოცხლეები გადავარჩინო", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის კრიტიკას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი - სოციალურ ქსელ X-ზე ზელენსკიმ დაწერა, რომ უკრაინა ყოველთვის იმოქმედებს კონსტიტუციის შესაბამისად. პოსტს კი ყირიმის დეკლარაციის ამონარიდი დაურთო, რომლითაც 2018 წელს ამერიკამ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის არაღიარება დაადასტურა.