09 აგვისტო 2026,   09:38
ვრცლად
როდის გახდა რუსეთი ომის დამნაშავე - როგორია "ნაციონალური მოძრაობის" პასუხი პრემიერის წერილზე

რატომ დაიწყო "ნაციონალურმა მოძრაობამ" აქტიური ანტირუსული კამპანია მხოლოდ 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ და რატომ ვერ გახდა მათთვის საკმარისი საფუძველი აგვისტოს ომი, რომელმაც ქვეყანას დამანგრეველი შედეგები მოუტანა? კითხვა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ, საკუთარ ვრცელ წერილში დასვა, დღესაც გაიმეორა და იქვე განმარტა, რომ ეს შეკითხვები რიტორიკულია, რადგან ოპონენტებს მათზე პასუხები თითქმის ორი ათეული წლის გასვლის შემდეგაც არ აქვთ.

ფაქტებს, რომლებზეც პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა გაამახვილეს ყურადღება, არქივი და ჩვენი ქვეყნის უახლოესი წარსული ინახავს. 412 დაღუპული, 2 232 დაჭრილი, საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეული 30 000-ზე მეტი მოქალაქე, საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი 120-ზე მეტი ქართული დასახლება... თუმცა ამ ტრაგიკული მოვლენების შემდეგ, ყოფილი სახელისუფლებო გუნდის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაატარეს, არამედ ომის დასრულებიდან რამდენიმე თვეში, სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებზე გაასხვისეს, აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის კი სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმეს. რუს ტურისტებს საზღვარზე თავად მიხეილ სააკაშვილი ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა.

როგორ იქცა რუსეთი ომის დამნაშავედ უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს და არა აგვისტოს ომის შემდეგ? ამ კითხვის საპასუხოდ, ბოლო დღეების განმავლობაში, ყოფილ სახელისუფლებო გუნდში ერთიან პოზიციაზე ვერ შეჯერდნენ. ამ დრომდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები 2008 წლის შემდეგ რუსეთთან "გადატვირთვის" პოლიტიკას გეოპოლიტიკური დღის წესრიგით ხსნიდნენ. დღეს კი, ოპოზიციურ პარტიაში მხოლოდ ის თქვეს, რომ რუსეთი ოკუპანტია.

რუსეთი ოკუპანტი იყო 2008 წელსაც, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ანტირუსული რიტორიკის გააქტიურება მხოლოდ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მმართველი გუნდისთვის ოპონენტების აგენტურული საქმიანობის და სამშობლოს წინააღმდეგ მოღალატეობრივი ქმედებების დადასტურებაა. ოპოზიციამ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესები "დიფ სთეითის" თამაშის წესებს შესწირა. შედეგად რუსოფობიური კამპანია სწორედ მაშინ გააჩაღა, როდესაც შესაბამისი დავალება გარე ძალების მხრიდან მიიღო.

2008 წლის ომის შემდეგ, დღეს 18 წელი შესრულდა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 % ამ დრომდე ოკუპირებული რჩება.

დღის ამბები