09 აგვისტო 2026,   13:19
ვრცლად
დაპირისპირების ახალი კერა და ორი ბირთვული სახელმწიფო, რომელთა შორის კონფლიქტი მწვავდება - პაკისტანსა და ინდოეთს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს

უკვე მერამდენე დღეა, ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე სროლის ხმა ისმის. სამხედროები ერთმანეთს ცეცხლს პერიოდულად უხსნიან. საბედნიეროდ, ამ დრომდე არავინ დაშავებულა, თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ეს კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდოს. ექსპერტების შეფასებით, თუ ეს მართლა ასე მოხდა და ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ომი დაიწყო, ეს უდიდესი კრიზისი იქნება მსოფლიოში.

რა ხდება ამ ქვეყნებს შორის:

ინდოეთმა პაკისტანთან მთავარი სახმელეთო საზღვარი ჩაკეტა, ქვეყნიდან გააძევა პაკისტანის ყველა მოქალაქე, შეამცირა დიპლომატიური ურთიერთობები პაკისტანთან.

საპასუხოდ, პაკისტანმა შეწყვეტა სავაჭრო ურთიერთობა ინდოეთთან და დახურა საჰაერო სივრცე ინდური ავიაკომპანიებისთვის.

თუმცა, ყველაზე საგანგაშო ინდოეთის გადაწყვეტილებაა, შეაჩეროს ე.წ "ინდის წყლის შეთანხმება" - ამან, შესაძლოა, ორი ქვეყანა ომამდე მართლაც მიიყვანოს. ეს არის შეთანხმება წყლის რესურსებზე, რომელიც ქვეყნებს შორის უკვე 60 წელზე მეტია მოქმედებს. შეთანხმება ამ ქვეყნებს შორის ომის დროსაც კი არ შეჩერებულა.

შეთანხმების შეჩერება პაკისტანისთვის მოსახლეობის წყლის გარეშე დარჩენას ნიშნავს. მილიონობით ადამიანი შიმშილის ზღვარზე იქნება. პაკისტანის პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ ინდოეთი პაკისტანს წყლის მიწოდებას გადაუკეტავს, ეს აღქმული იქნება, როგორც ომის გამოცხადება.

ამ ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება არაერთხელ მომხდარა - რატომ არიან პოლიტოლოგები ასე შეშფოთებული ამ შემთხვევით და რატომ ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება სრულმასშტაბიანი ომის წინაპირობა იყოს ამ ორ ქვეყანას შორის?

დაპირისპირება ინდოეთსა და პაკისტანს შორის ჯერ კიდევ მათი დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან იწყება და დღემდე გრძელდება. დაპირისპირების მიზეზი ქაშმირის რეგიონია, - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული ადგილი, რომელზე კონტროლის დამყარებაც ორივე ქვეყანას სურს.

ამჟამად, ინდოეთი ქაშმირის რეგიონის ⅔-ს აკონტროლებს, რეგიონის დანარჩენ ⅓-ს კი პაკისტანი. ზუსტად ამ ⅓-ში მოქმედებენ სეპარატისტული დაჯგუფებები, რომელთაც სურთ, რომ რეგიონი მთლიანად პაკისტანის კონტროლს დაექვემდებაროს. ინდოეთი აცხადებს, რომ ამ სეპარატისტულ დაჯგუფებებს მხარს უჭერს პაკისტანი, რასაც პაკისტანი უარყოფს.

ზუსტად ამ რეგიონზე კონტროლის მოპოვების მიზნით, 3-ჯერ იომეს პაკისტანმა და ინდოეთმა, თუმცა ახლა რაც შეიცვალა, არის ის, რომ ამჯერად, ორივე ქვეყანას ბირთვული იარაღი აქვს.

ამიტომ იწვევს ეს ფაქტი მსოფლიოს შეშფოთებას და ამიტომ ამბობენ ექსპერტები, რომ 22 აპრილს მომხდარი თავდასხმა და "ინდის წყლის შეთანხმების" შეჩერება შეიძლება გახდეს სრულმასშტაბიანი ომის საბაბი.

მესამე ქვეყანა, ჯერჯერობით, არ არის ჩართული მედიაციაში. არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი ღიად უჭერს მხარს ინდოეთს.

 

ავტორი: ნათია ჩეხერია

დღის ამბები