21 მაისი 2025,   11:35
ვრცლად
ანსამბლი "ერისიონი" მასშტაბური კონცერტებისთვის ემზადება, რომელსაც ჯემალ ჭკუასელის ხსოვნას მიუძღვნის

ანსამბლი "ერისიონი" მასშტაბური კონცერტებისთვის ემზადება, რომელსაც ჯემალ ჭკუასელის ხსოვნას მიუძღვნის.

გამოჩენილ ქართველ ლოტბარს 18 მაისს 90 წელი შეუსრულდებოდა.

ჯემალ ჭკუასელმა თავისი შემოქმედება ქართული ფოლკლორის განვითარებასა და შენარჩუნებას მიუძღვნა, მისი ხელმძღვანელობით, "ერისიონი" ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სახედ იქცა. მაისში დაგეგმილი ღონისძიებები ოზურგეთიდან, მისი მშობლიური ქალაქიდან იწყება.

20 მაისს, კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოფენა გაიხსნება, რომელიც გამოჩენილი ლოტბარის შემოქმედებას ეძღვნება. ექსპოზიცია ივლისში ზუგდიდში, დადიანების სასახლეში გადაინაცვლებს.

90 წლის იუბილე 30 მაისს - "ერისიონის" მომღერალთა გუნდის სოლო კონცერტით დასრულდება, რომელსაც ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ კულტურული ცენტრი უმასპინძლებს. პროგრამა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორულ სიმღერებს მოიცავს.

დასკვნით კონცერტზე, აუდიტორია უნიკალურ აუდიო არქივს გაეცნობა, რომელიც ფონდი "ქართული გალობის" მხარდაჭერით გამოიცა. ჩანაწერი, რომელიც ჯემალ ჭკუასელის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა 80-იანი წლებიდან დღემდე, 100-მდე ქართული სასიმღერო შემოქმედების საუკეთესო ნიმუშებს მოიცავს.

ჯემალ ჭკუასელის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება, მისი შემოქმედების აღიარება და კულტურული მემკვიდრეობის გაგრძელებაა.

მადლიერების გამოხატვა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ქართული ფოლკლორი თაობებს შემოუნახა.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი. 

დღის ამბები