09 აგვისტო 2026,   14:31
ვრცლად
300 დრონი, 70 რაკეტა და ყველაზე მასირებული შეტევა უკრაინაზე ომის დაწყებიდან - ტრამპის განცხადებით, პუტინი გაგიჟდა და ხალხს უმიზეზოდ ხოცავს

ბელორუსიდან უკრაინის საზღვრისკენ მიმავალ ავტომობილების კოლონას გათავისუფლებული სამხედროების ოჯახის წევრები, ექიმები, შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნები და ქვეყნის თავდაცვის მინისტრი დახვდნენ. ბოლო სამი დღის განმავლობაში 1000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი ოკუპანტის სამწლიანი ტყვეობიდან საკუთარ ოჯახებს უკვე დაუბრუნდა.

სამხედრო ტყვეების გაცვლა ერთადერთი შეთანხმებაა, რომელსაც რუსეთმა და უკრაინამ სტამბოლში მიაღწიეს. კრემლმა უარი განაცხადა ცეცხლის 30 დღიან უპირობო შეწყვეტაზე. Reuters-ის შეფასებით, ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა ღამით უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ქვეყნის 13 რეგიონის მიმართულებით 300 დრონი და 70 რაკეტა გაუშვეს, დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის, არიან ბავშვებიც. დაჭრილია ათობით მოქალაქე.

თავდასხმას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა Truth Social-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ პუტინი გაგიჟდა და ხალხს უმიზეზოდ ხოცავს. დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტიც გააკრიტიკა.

ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა ოფიციალური მოსკოვი, სატელეფონო კომენტარში კრემლის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ Truth Social-ის პოსტი ემოციურ "გადატვირთულობასთანაა" დაკავშირებული, რომელსაც რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართული ყველა მონაწილე განიცდის.

რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოკავშირეებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს კიევში. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მსოფლიო უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს კრემლთან "დიალოგზე", ვიდრე რეალურ ზეწოლაზე. ზელენსკი პარტნიორებს ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

 

დღის ამბები