ისტორია დაიწერა - პარი სენ-ჟერმენმა დიდი ხნის ოცნება აიხდინა, ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მოიგო დამსახურებულად, შთამბეჭდავი ფეხბურთით. ხვიჩა კვარაცხელია კი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში თავი გოლით გამოიჩინა. ის პსჟ-ს იანვარში შეუერთდა და ფრანგულ გუნდთან ერთად უკვე სამი ტიტული მოიგო.
მატჩი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. მე-12 წუთზე ანგარიში ვიტინია-დუე-ჰაკიმის კომბინაციით გაიხსნა, 26 წლის მაროკოელმა მცველმა ახლო მანძილიდან გაიტანა. მალევე, უკვე დეზირე დუემ, უსმან დემბელეს პასით გაიტანა და ანგარიში 2:0 დააფიქსირა.
მეორე ტაიმში უპირატესობა ისევ პსჟ-ს ჰქონდა. კიდევ სამჯერ გაიტანა - ჯერ დემბელე-ვიტინია-დუეს კომბინაცია ამ უკანასკნელმა დააგვირგვინა და დუბლი მიითვალა - 3:0. შემდეგ კვარაცხელიამ შესანიშნავი გოლი გაიტანა, ბოლოს კი შეცვლაზე შესულმა კიდევ ერთმა თინეიჯერმა, მაიულუმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ დღის მთავარი გმირი ლუის ენრიკე იყო, რომელმაც გამარჯვება გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა.
მატჩის განმავლობაში განსაკუთრებულად ღელავდნენ გულშემატკივრები, რომლებმაც განსაკუთრებული ემოციები გამოხატეს და გამარჯვება პსჟ-სთან ერთად იზეიმეს.
ისტორიული მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ აღიარა. ის მეორე ქართველი ფეხბურთელია კახა კალაძის შემდეგ, ვინც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მოიგო და პირველი, ვინც ფინალში გოლის გატანა შეძლო.