
ქუთაისი - მეგობრობის, სიყვარულისა და ხელოვნების ქალაქი, სადაც ზაფხულის შუა რიცხვებში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. ხიბლით სავსე იმერეთი, კონკრეტულად კი ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერი, განსაკუთრებულად მიმზიდველია. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ადგილობრივები, თუ ქალაქის სტუმრები, ფერადი ქოლგებით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და იმერული კერძები დააგემოვნეს.
სამდღიანი გასტრონომიული ფესტივალისთვის, მონაწილეები შეფმზარეულებმა იმერეთის სხვადასხვა სოფელში სტუმრობისას შეარჩიეს, საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს და ტრადიციული კერძების ახლებური ვარიაციების შექმნაშიც დაეხმარნენ. "გემო ფესტის" მონაწილე წელს 50-ზე მეტი კომპანიაა.
"გემო ფესტი" ნამდვილი გასტრონომიული დღესასწაულია, რომელიც ყველა თაობის წარმომადგენელს აერთიანებს. შესაბამისად, ფესტივალს, რომელმაც უკვე ყოველწლიური სახე მიიღო, სტუმარიც ბევრი ჰყავს.
უკვე წლებია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, კულინარიული ფესტივალი საქართველოს სხვადასხვა მხარეში იმართება. მონაწილეები და სტუმრები იხსენებენ უკვე მივიწყებულ ტრადიციულ კერძებსა და მას, თანამედროვე ელემენტების დახმარებით, უფრო საინტერესოს ხდიან.
ქუთაისი - სტუმარმასპინძლობითა და კერძებით გამორჩეული ქალაქი - იმ კერძებით, რომელსაც სხვაგან, ვერსად შეხვდებით. 15 ივნისის ჩათვლით, სიყვარულის ქალაქში ეპატიჟებიან ყველას, ვისაც ქართული სამზარეულო განსაკუთრებულად უყვარს.