09 აგვისტო 2026,   10:32
ვრცლად
არასრულწლოვანი მიტოვებულ შენობაში მოტყუებით მიიყვანეს, სცემეს, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანებები მიაყენეს და ყველა ამ ქმედებას ტელეფონით იღებდნენ - ჯგუფური დანაშაულისთვის 9 პირი დააკავეს

"300 არაგველზე" მდებარე მიტოვებული შენობა დანაშაულის ადგილია - ძალადობრივი ჯგუფის წევრები არასრულწლოვანს სასტიკად სწორედ ამ შენობაში გაუსწორდნენ, აწამეს, დაამცირეს და ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. გამოძიების ინფორმაციით, ღირსების შემლახავი ქმედების ამსახველი ვიდეო ე.წ. ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა მობილური ტელეფონებით გადაიღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს.

ყველაფერი სოციალურ ქსელ, "ტიკტოკზე" ბრალდებულების მიერ გამოქვეყნებული ვიდეოთი დაიწყო, რომლის შინაარსი და აგრესიული მოწოდებები 16 წლის მოზარდისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. დაზარალებულმა საკუთარი პოზიცია კომენტარებში ღიად დააფიქსირა. უცნობი პირები მოზარდს სწორედ ამის შემდეგ დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს. არასრულწლოვანი სახლიდან მოტყუებით გამოიყვანეს და მიტოვებულ შენობაში მიიყვანეს, ადგილზე მოზარდს უცნობი პირები ანგარიშსწორებისთვის ელოდებოდნენ.

უმძიმესი ფაქტი თბილისში რამდენიმე კვირის წინ მოხდა. ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულისთვის გამოძიებამ 9 პირი დააკავა, მათგან ექვსი არასრულწლოვანია. დაკავებულთაგან ყველაზე პატარა, 14-ის, ყველაზე დიდი კი 30 წლისაა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ცივი და პნევმატური იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიების დასრულებას ელოდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატი, უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა.

დაზარალებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, მომხდარის შემდეგ არასრულწლოვანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ. ჯგუფურად ჩადენილი მძიმე დანაშაულის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა და 9-ვე დაკავებული, მათ შორის ჯგუფის ლიდერი პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ავტორი: ჟანა აკოფაშვილი. 

 

დღის ამბები