09 აგვისტო 2026,   13:18
ვრცლად
დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმე - პროკურატურის არგუმენტები და მტკიცებულებები გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ

სააპელაციო სასამართლოს მეათე დარბაზში, "დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების" საქმის განსახილველად, მხარეები 12 საათზე შეიკრიბნენ. პროცესზე გიორგი ბაჩიაშვილიც მივიდა, რომელმაც საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი - 11 წლიანი პატიმრობა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა უფროსმა სიტყვითაც ისარგებლა. ბაჩიაშვილმა კონკრეტულ საქმეზე სამართლებრივი საკითხების ნაცვლად, მსჯავრდადებულის ტრიბუნა პოლიტიკური განცხადების გასაკეთებლად გამოიყენა.

გიორგი ბაჩიაშვილის შემდეგ, შესავალი სიტყვით ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა ისარგებლეს. უფლებადამცველი ამტკიცებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და მილიონობით დოლარის ოდენობის კრიპტოვალუტა არ მიუთვისებია. პროკურორის თქმით, საქმეში ბაჩიაშვილის ბრალეულობის დამდასტურებელი არაერთი მტკიცებულება დევს, მათ შორის, აღიარებითი ჩვენება.

შესავალ სიტყვებამდე კი, მოსამართლეთა კოლეგიას შუამდგომლობით დაცვის მხარემ მიმართა. უფლებადამცველებმა გიორგი ბაჩიაშვილის დაკითხვა ითხოვეს. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. მსჯავრდადებულმა, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის შეკითხვებს უპასუხა, თუმცა განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების საქმესთან დაკავშირებით დეტალების განმარტებას, მან ისევ პოლიტიკურ მოტივებზე საუბარი არჩია, არასასურველ შეკითხვებზე კი ბაჩიაშვილმა დღეს პასუხები ვერ გაიხსენა.

სააპელაციო სასამართლოში ბაჩიაშვილი ჩვენებას, დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში აძლევდა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის პასუხები პროკურატურისთვის დამატებითი მტკიცებულება აღმოჩნდა, რომ ბაჩიაშვილი წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდა. საპირისპიროს ამტკიცებს დაცვის მხარე.

კრიპტოვალუტის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 000 ბიტკოინის გადახდა დააკისრა. ამ ვერდიქტის გამოცხადებამდე კი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ოფიციალური ინფორმაციით, მსჯავრდადებული 27 მაისს, წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მიმდებარედ დააკავეს. კრიპტოვალუტის გარდა, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ, სისხლის სამართლებრივი დევნა კიდევ ორ საქმეზე - საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და "მტკვარი ჰესის" პროექტთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის საქმეებზე მიმდინარეობს.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები