პროკურორი კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ დაინიშნა ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ საფუძველი გახდა ადვოკატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია დაკავებულის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით.
პროკურორი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევებში ფსიქიატრიული ექსპერტიზა ყოველთვის ინიშნება.
უკვე რამდენიმე დღეა, საკითხი დისკუსიის საგანია. თავად დაკავებულმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას დევნა და დისკრედიტაციის მცდელობა უწოდა.
ადვოკატმა, რომლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციაც გახდა საფუძველი, ექსპერტიზის დანიშვნა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
"მე წარვადგინე ის დოკუმენტი, სადაც წერია, რომ გაიკეთა ხერხემლის ოპერაცია და ხერხემლის ოპერაციის გამო უტარებენ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ადამიანს.
[ფსიქო-ემოციური ლაბილობა] არის მდგომარეობა და არის სიმპტომი, რომელიც შეიძლება ნახევარ საათში ერთხელ შეიცვალოს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანს აქვს სხვადასხვანაირი ემოციური მდგომარეობა.
ნინოს შემთხვევაში, 2019 წელს, ეს იყო მისი ტკივილის გამოხატულება, რადგან ზუსტად ხერხემალთან დაკავშირებულ ტკივილების თანმხლებად არის ეს მითითებული", - განაცხადა ადვოკატმა, თამარ გაბოძემ.
ცნობისთვის, აქტივისტს ბრალად ედება საჯარო მოხელეზე თავდასხმა იმ დროს, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. საქმე ეხება 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტს.